ვარლამ ჩერქეზიშვილი (ჩერქეზოვი) - საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე და თეორეტიკოსი. იგი დაიბადა 1846 წლის 15 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, გაღარიბებული ქართველი თავადის ოჯახში; 1864 წელს შევიდა მოსკოვის მეორე კადეტთა კორპუსში. 1865 წლიდან იგი მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სტუდენტია. რევოლუციური იდეებით გატაცებული ჩერქეზიშვილი უერთდება „იშუტინელთა“ წრეს. 1866 წელს, დიმიტრი კარაკოზოვის მიერ ალექსანდრე II-ის სიცოცხლის ხელყოფის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იგი დააპატიმრეს „იშუტინელთა“ საქმეზე და მიუსაჯეს რვათვიანი პატიმრობა. სასჯელის მოხდის შემდეგ ჩერქეზიშვილი ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც 1867 წელს მონაწილეობა მიიღო ახალი რევოლუციური წრის ორგანიზებაში. სწავლის მიტოვების შემდეგ, 1869 წლის დასაწყისში, ჩერქეზიშვილი კვლავ გადავიდა მოსკოვში და შეუერთდა ს. გ. ნეჩაევის წრეს. ამ პერიოდში იგი მ. ა. ბაკუნინის ანარქისტული იდეებით დაინტერესდა.
1873-1875 წლებში ტომსკში გადასახლებაში ყოფნისას ვარლამ ჩერქეზიშვილმა დროებით დაკარგა ინტერესი ბაკუნინის აზროვნებისადმი - იგი დაინტერესდა რუსი ფილოსოფოსის, პ. ლავროვის შეხედულებებით, რომელიც ჩერნიშევსკისთან ერთად რუსული რევოლუციური ორგანიზაციის „Земля и Воля“-ის წევრი იყო. 1876 წლის იანვარში ჩერქეზიშვილი ციმბირიდან საზღვარგარეთ გაიქცა. გაქცევის შემდეგ იგი დიდი ხნის განმავლობაში ემიგრაციაში იყო. თავდაპირველად, ლონდონში ყოფნისას, 1876 წელს, ჩერქეზიშვილი თანამშრომლობდა ლავროვის ჟურნალ „Вперёд!“-თან, თუმცა, 1876 წლის შემოდგომაზე ის კვლავ - საბოლოოდ - დაუბრუნდა ბაკუნინის ანარქისტულ შეხედულებებს, დატოვა „Вперёд!“-ის რედაქცია და გადავიდა ჟენევაში. აქ ის 1878 წელს გახდა ანარქისტული ჟურნალის „Община“-ს მუდმივი თანამშრომელი: მან გამოაქვეყნა არაერთი სტატია (მათ შორის ნ. პ. ოგარევის შესახებ) და ხელმძღვანელობდა „ქრონიკის“ განყოფილებას. ვარლამ ჩერქეზიშვილი ამ პერიოდში გახდა პ. ა. კროპოტკინის ახლო მეგობარი და თანამშრომელი (მათი ოჯახები თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეგობრობდნენ). იგი იქცა ერთ-ერთ ძირითად ფიგურად კროპოტკინის ირგვლივ შეკრებილი ანარქისტულ-კომუნისტური ჯგუფის წევრებს შორის.
ვარლამ ჩერქეზიშვილმა ემიგრაციის პირველივე დღიდან დაიწყო საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ პუბლიკაციების გამოქვეყნება რუსულ და ევროპულ პრესაში. ჩერქეზიშვილის პუბლიკაციებისთვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ანალიზის სიღრმე და დეტალურობა. 1876 წლის შემოდგომაზე ჟურნალ „Вперёд!“-ში იგი აქვეყნებს ინფორმაციას სვანეთში გლეხთა აჯანყებისა და რუსული თვითმპყრობელობის თვითნებობის შესახებ. 1878 წელს საქართველოს შესახებ მის მიერ მომზადებული მასალები ქვეყნდება მეორე რუსულენოვან ჟურნალში „Община“. აღსანიშნავია, რომ ჩერქეზიშვილს ემიგრაციაში ყოფნისას არასოდეს გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან. იგი ყოველთვის ზრუნავდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე.
1883 წელს, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ კროპოტკინის დაპატიმრების შემდეგ, ჩერქეზიშვილი ორი წლით ჩამოშორდა ანარქისტულ მოძრაობას; 1885 წელს კი არალეგალურად დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში, სადაც თბილისში, თავად მუხრანელის ოჯახში ბავშვთა მასწავლებლად მუშაობდა. 1886 წელს, დაპატიმრების საფრთხიდან გამომდინარე, კვლავ იძულებული გახდა გაქცეულიყო. რუსი პოლიტიკური ემიგრანტი ბალკანეთში - ვ. კ. ლოსიატინსკი - 1887 წელს ცარისტული ოხრანკისადმი მიცემულ ჩვენებაში ჩერქეზიშვილს ასე ახასიათებდა: „ეს ადამიანი ყველაზე საშიშია ყველა ნიჰილისტთა შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს“. სწორედ ამ დროიდან იწყებს ჩერქეზიშვილი აქტიურ და შეურიგებელ იდეოლოგიურ ბრძოლას მარქსიზმის წინააღმდეგ, აცნობიერებს რა მასში მთავარ საფრთხეს შრომითი და სოციალისტური მოძრაობისთვის. ამასთანავე, ილია ჭავჭავაძის მოწვევით, იგი თანამშრომლობას იწყებს „ივერიასთან“ – 1893 წლიდან ლონდონიდან „ივერიაში“ „ვაზიანის“ ფსევდონიმით აქვეყნებს წერილებისა და ფელეტონების სერიას, რომელიც ევროპული ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის პრობლემების შესახებ საფუძვლიანი ანალიზით გამოირჩეოდა. მარქსიზმის წინააღმდეგ მიმართულმა მისმა ნაშრომებმა გამოიწვია მწვავე დისკუსია ევროპულ სოციალისტურ მოძრაობასა და მეცნიერებაში. XX საუკუნის დასაწყისში ისინი ოთხჯერ გამოიცა (ოდნავ შესწორებული სახით, სათაურით „მარქსიზმის დოქტრინები“). ჩერქეზიშვილის კიდევ ერთი მარქსისტული ფილოსოფიის მწვავე კრიტიკით აღსავსე ნაშრომი - „მოგზაურობა ბელგიაში“ - გამოიცა თბილისში 1900 წელს „მარველის“ ფსევდონიმით. ჩერქეზიშვილის ანარქისტულმა კრიტიკამ იმდენად იმოქმედა გამოჩენილ მარქსისტ თეორეტიკოსებზე, რომ მათზე გერმანული და რუსული სოციალ-დემოკრატიის ლიდერების კ. კაუცკის და გ. ვ. პლეხანოვის პასუხები დაიბეჭდა. საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდა იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) პირველი მნიშვნელოვანი თეორიული გამოსვლაც სტატიების სერიის სახით, სახელწოდებით „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“ (1906 წ.), ჩერქეზიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსთვის ვარლამ ჩერქეზიშვილი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერი. პ. კროპოტკინთან ერთად იგი მიეკუთვნებოდა მსოფლიო ანარქიზმის ელიტას. მისი ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები, გამოიცემოდა ჟურნალ-გაზეთები და სხვ. 1877 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში და გახდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი; 1879 წელს იგი მონაწილეობდა ევროპაში პირველი ანარქისტული გაზეთის „Le Révolté“-ს გამოცემაში. მოგვიანებით, 1882 წელს, ლიონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ დაიწყო ყველაზე ცნობილი ევროპელი ანარქისტების დევნა საფრანგეთში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ბევრი მათგანი თითქმის ექვსი წლის მანძილზე სხვა სახელით იმალებოდა, ზოგიერთი ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებშიც კი.
1888 წლიდან ვარლამ ჩერქეზიშვილი იღებს მიწვევას თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის პეტრე კროპოტკინისგან და სახლდება ლონდონში. ამიერიდან ისინი კვლავ უბრუნდებიან საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის წარმართვის პროცესს, რომელშიც ვარლამ ჩერქეზიშვილი პრაქტიკოსი-ორგანიზატორის როლს ასრულებდა. ჩერქეზიშვილს, როგორც ანარქისტ თეორეტიკოსს, განსაკუთრებით გაუთქვა სახელი „უტოპიური სოციალიზმის“ რეაბილიტაციის მცდელობამ და მარქსიზმზე მიზანმიმართულმა შეტევამ „მთელი ფრონტის გასწვრივ“. ჩერქეზიშვილმა ბრწყინვალე ცოდნა გამოავლინა რევოლუციური სოციალისტური მოძრაობის ისტორიისა და მისი ოპონენტების სისუსტეების საკითხში. თუმცა კი, ჩერქეზიშვილი, თავისი ზოგადი ფილოსოფიური პრინციპების მიხედვით, „კროპოტკინელი“ იყო. ის იყო „ინდუქციური მეცნიერული მეთოდის“, განმანათლებლობის პოზიტივისტური პარადიგმის, პროგრესის რწმენისა და ანარქო-კომუნისტური პროგრამის მომხრე. წიგნში „ინტერნაციონალის წინამორბედები“ ჩერქეზიშვილი აგრძელებს კროპოტკინის მიერ „თანამედროვე მეცნიერება და ანარქია“-ში ჩამოყალიბებულ სოციალისტური აზროვნების და ლიბერტარიანული იდეების განვითარების ტრადიციას. იგი ვარაუდობდა, რომ პერიოდი რეფორმაციიდან და XVI საუკუნის გლეხთა ომიდან მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციის შექმნამდე იყო ერთი დიდი პროცესი და, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სოციალიზმის ყველა სკოლა და ფრაქციაც მეტ-ნაკლებად პირდაპირ კავშირში იყო ამ დიდ ასოციაციასთან. კროპოტკინის მსგავსად, ჩერქეზიშვილი ანარქისტულ კომუნიზმს აღიქვამდა არა როგორც დოქტრინალური თეორეტიკოსების ქმნილებად, არამედ როგორც თავად ხალხის ცხოვრების გამოვლინებად, რომელიც ისწრაფვის სამართლიანობისა და თავისუფლების განხორციელებისაკენ: „ხალხი ყოველთვის ხედავს ადამიანური საქმიანობის უმაღლეს მიზანს ნივთების წარმოებაში, რომელიც სასარგებლოა კაცობრიობისთვის და ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად სრულყოფილი სამართლიანობის განხორციელებაში“. ჩერქეზიშვილს, ნაშრომების - „ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“ და „ინტერნაციონალის წინამორბედების“ - გამოქვეყნების შემდეგ მყარად დაუმკვიდრდა მარქსიზმის შეუპოვარი მოწინააღმდეგის რეპუტაცია. ეს შრომები, თავდაპირველად, 1896 წელს პარიზში და 1899 წელს ბრიუსელში გამოქვეყნდა ფრანგულად, შემდეგ კი ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, ჩინურ და იაპონურ ენებზე ითარგმნა.
1912-1914 წლებში ჩერქეზიშვილმა ლონდონში მ. ა. ბაკუნინის ათი ტომის რედაქტირება მოახდინა და მათზე სტატია „ბაკუნინის მნიშვნელობა საერთაშორისო რევოლუციურ მოძრაობაში“ დაწერა.
ვარლამ ჩერქეზიშვილი არასდროს წყვეტდა კავშირს თავის სამშობლოსთან. მან დიდი დახმარება გაუწია არჩილ ჯორჯაძესა და მის თანამოაზრეებს 1903 წელს პარიზში გაზეთ „საქართველოსა“ და მისი ფრანგული დამატების „La George“-ს გამოცემაში. ჩერქეზიშვილი - 1906 წელს - თბილისში დასახლების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ანარქისტული მოძრაობის შექმნაში, ლიტერატურულ, საგამომცემლო და პროპაგანდისტულ საქმიანობაში. სხვა ანარქისტებთან ერთად (გ. ი. გოგელია, მ. გ. წერეთელი) ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა თბილისში ანარქისტ-კომუნისტების ჯგუფის და ქუთაისში ანარქისტთა ჯგუფის - „კომუნას“ - შექმნაში და იყო ქართულენოვანი ლეგალური ანარქისტული გაზეთების („ნობათი“, „ხმა“ და „მუშა“) სარედაქციო კოლეგიის წევრი (1906 წ.). იმავე პერიოდში ჩერქეზიშვილი იწყებს ეროვნული შეხედულებების დაცვას და აცხადებს, რომ ანარქიზმი შორეული მომავლის საქმე იყო. იგი ქართული ეროვნული მოძრაობის ფარგლებში „აბსტრაქტული მიზნებისთვის ბრძოლას“ „კონკრეტულ პოლიტიკურ ბრძოლას“ უპირისპირებს - კერძოდ, საქართველოს რუსეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელწიფოს შექმნის იდეას. ამ პერიოდში ჩერქეზიშვილი წყვეტს ანარქისტულ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას; იგი მხოლოდ კროპოტკინთან ინარჩუნებს მჭიდრო მეგობრულ კავშირს.
ჩერქეზიშვილის წყალობით ევროპაში პირველად მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გაჟღერება. მან მოამზადა სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებსაც ხელს აწერდნენ საქართველოს ყველა ფენის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც 1906-1907 წლებში საქართველოში ჩამოვიდა, იგი ამ საკითხზე ენერგიულ საქმიანობას შეუდგა - მისი ხელმძღვანელობით მომზადდა „ქართველი ხალხის პეტიცია“, რომელსაც 2000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს. იგი გაეგზავნა და წარედგინა ჰააგის მეორე სამშვიდობო კონფერენციას. ეს იყო პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც, მართალია, არ განხილულა, მაგრამ დაისვა და გახმაურდა საკითხი საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პრობლემასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტული მოძრაობის წარმომადგენლები და თეორეტიკოსები ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგი იყვნენ, ჩერქეზიშვილი თავდადებით იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. მას არასოდეს უთქვამს უარი თავის მსოფლმხედველობრივ მრწამსზე. იგი ეროვნული დამოუკიდებლობის იდეასაც ანარქისტული კონცეფციის ჩარჩოში განიხილავდა (როგორც ერთა თვითგამორკვევის აბსოლუტურ უფლებას) და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავი მებრძოლი იყო. მისი პირველი წერილი „გეორგიევსკის ტრაქტატის“ პირობების დარღვევის შესახებ 1888 წელს გამოქვეყნდა ინგლისურ პრესაში. 1895 წელს პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალში („The Nineteenth Century“) დაიბეჭდა ჩერქეზიშვილის ვრცელი სტატია „საქართველოს ხელშეკრულებები რუსეთთან“, რომელშიც იგი ასაბუთებდა, რომ 1783 წელს საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასთან, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით საქართველოს უნდა შენარჩუნებოდა თავისი სახელმწიფოებრიობა. 1801 წელს რუსეთმა უკანონოდ გააუქმა ქართული სახელმწიფო და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ ქართველ ხალხს ჰქონდა ისტორიული უფლება, რომ სწორედ საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით აღედგინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა.
1910 წელს ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიოს ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც იცავდა საქართველოს უფლებებს. 1919 წელს პარიზში გამოქვეყნდა ჩერქეზიშვილის ინგლისურენოვანი წიგნი „საქართველო. მისი ტრადიციები და პოლიტიკური უფლებები“. ამ ნაშრომში იგი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე კვლავ წარსდგა როგორც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამცველი.
1918 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი სამშობლოდან თითქმის 40 წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. იგი იყო საქართველოს ეროვნული კრების წევრი ესერების პარტიიდან. 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი ქართველ იუნკერებთან ერთად იცავდა კოჯრის მისადგომებს საბჭოთა ჯარებისგან. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იგი საბოლოოდ გაიხიზნა. ვარლამ ჩერქეზიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გარდაცვლილი, როდესაც სოციალ-დემოკრატიის ავტორიტარულმა ტენდენციებმა ბოლშევიკების შესრულებით მთელი სისასტიკით იჩინა თავი საქართველოსა და რუსეთში.
ვარლამ ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა 1925 წლის 18 აგვისტოს, ლონდონში, სადაც დაკრძალეს კიდეც.
ვარლამ ჩერქეზიშვილი კროპოტკინთან და ბაკუნინთან ერთად ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად და თეორეტიკოსად ითვლება, მისი მსოფლმხედველობაც მათთან თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ეს სამი ფიგურა მეთოდოლოგიური ანარქიზმის ფუძემდებლებიცაა. ანარქიზმი სოციალური მოძრაობის მეთოდოლოგიურ პრინციპს წარმოადგენს. მეთოდოლოგიური გაგების ჭრილში ის ნიშნავს ძალაუფლების ყველა მდგენელის დაშლას და უხელისუფლებო საზოგადოების შექმნას, სამოქალაქო სივრცეში პიროვნების ავტონომიურობის პრინციპისა და თავისუფლების დაცვას, მის ემანსიპაციასა და გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე, ანარქიზმი მეთოდოლოგიურ პრინციპებს აყალიბებს, რომლებიც აისახა ჩერქეზიშვილის თეორიულ აზროვნებაში და მის მიერ განხორციელებულ მარქსიზმის კრიტიკაში. კერძოდ, ეს გულისხმობს „მაიძულებელი ძალაუფლების“ არყოფნას. ანარქიზმი თავისუფალი აზროვნების პრინციპს ეფუძნება. პიროვნების ავტონომიურობა გულისხმობს აზროვნების ავტონომიურობას, ყოველგვარი იერარქიულობის პრინციპის, ავტორიტარული მმართველობის გაუქმებას. ანარქიზმისათვის ყველა ცალკეული პიროვნება ღირებულია, ყოველი ინდივიდის პრობლემა ინდივიდუალური მიდგომის მიხედვით უნდა გადაწყდეს, თუკი ამის საშუალება არსებობს. „იძულებისაგან თავისუფლების“ პრინციპი გულისხმობს ადამიანის ან ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის მიმართ რაღაც იძულებაზე უარის თქმას. საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა მხოლოდ საზოგადოების წინაშე გამოვლენილი პირადი პასუხისმგებლობის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ასოციაციათა თავისუფლება გულისხმობდა, რომ ანარქისტულ პრინციპებზე დაყრდნობით ორგანიზებულ საზოგადოებაში შესაძლებელია ნებისმიერი ასოციაციების არსებობა ყველა საზოგადოებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ნებისმიერი საზოგადოებრივი სტრუქტურა უნდა იქმნებოდეს თავისუფლად გაერთიანებული ადამიანების მიერ, რომლებიც თანაბარ უფლებებს ფლობენ: აქ მნიშვნელოვანია ურთიერთდახმარება, საზოგადოების განვითარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპის მიხედვით, სადაც თავისუფალი, შემოქმედებითი ადამიანები ერთმანეთს დახმარებას უწევენ; ასევე, მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და განსხვავებულობა, რომელიც ყოველი ინდივიდის ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს, ასევე, უარის თქმა სტანდარტიზაციის და უნიფიკაციის ნებისმიერ პრინციპზე, ისეთი თანასწორობის პრინციპის სრულად განხორციელება, რომელიც უარს ამბობს იერარქიაზე და შემოქმედებითი თავისუფლების სრულ რეალიზებას ეფუძნება. საგულისხმოა ძმობის პრინციპი, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და რომელიმე ერთის ინტერესი და მოთხოვნილებანი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორესი. ამ სოციალურ-მეთოდოლოგიური პრინციპებიდან გამომდინარე აკრიტიკებს ჩერქეზიშვილი მარქსისა და ენგელსის თეორიულ დოქტრინას, რომელიც მათ მიერ განხორციელებულ სოციალურ ანალიზს და საკუთრივ მეცნიერულ მეთოდოლოგიას და ფილოსოფიას ეფუძნება. ჩერქეზიშვილმა თავისი პოზიციები სრულყოფილად ჩამოაყალიბა 1886 წელს გამოცემულ წიგნში „ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“. ჩერქეზიშვილის აზრით, მარქსის თეორია და პროგნოზი, რომელიც არასწორ წანამძღვრებს ეყრდნობოდა, ფაქტობრივად, არ გამართლდა. მარქსის ძირითადი თეზისი, რომ საზოგადოების კაპიტალიზაციის კვალდაკვალ კაპიტალიზმი უფრო მეტად მტაცებლური გახდებოდა და საზოგადოების უფრო მეტად გაპროლეტარებას გამოიწვევდა, არ გამართლდა. პირიქით, საზოგადოების ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, იზრდება კვალიფიციური მუშახელის დასაქმება, რაც არათუ მათ გაპროლეტარებას, არამედ კაპიტალიზაციის პროცესში მათ მზარდ მონაწილეობას განაპირობებს.
ვარლამ ჩერქეზიშვილი იმდროინდელ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე აჩვენებს კლასთა სტრუქტურის ცვალებადობის დინამიკას და არსებული კაპიტალის გადანაწილების სისტემას ევროპაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩერქეზიშვილი ტექნოლოგიების განვითარებისა და მისი განმათავისუფლებელი როლის შთამბეჭდავ ანალიზს ახდენს. იგი, პრუდონისა და კროპოტკინის კვალდაკვალ, ფიქრობს, რომ, ფაქტობრივად, მარქსის მიერ შემოთავაზებული ზედმეტი ღირებულების თეორიაც არ გამართლდა, რომელიც კაპიტალის დაუზოგავ აკუმულაციას გულისხმობდა ინდუსტრიული საზოგადოების ცენტრებში და არა მის გადანაწილება/დეცენტრალიზაციას. ჩერქეზიშვილი მიუთითებს, რომ კაპიტალიზმი მისი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნაცვლად გაღარიბებული პროლეტარიატისა წარმოიქმნება ახალი ფენომენი მცირე კაპიტალის მქონე საშუალო კლასის სახით. ნაცვლად მსხვილი კაპიტალის მიერ მცირე კაპიტალის ჩაყლაპვისა, საზოგადოება თანდათანობით მიდის საზოგადოების გაშლისა და დეცენტრალიზაციისაკენ. ჩერქეზიშვილის აზრით, ბუნებრივი განვითარების კვალდაკვალ, კაპიტალის სრული დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და უნდა ჩამოიშალოს და დაინგრეს სახელისუფლებო ურთიერთობის ნებისმიერი პარაზიტული გამოვლინება. ხელისუფლება უნდა გაქრეს და გადავიდეს ინდივიდუალიზაციის მცირე უჯრედებში. საზოგადოების დეცენტრალიზაციას უნდა მოჰყვეს საზოგადოების ფედერალიზაცია, რომელიც პიროვნების განთავისუფლებასა და ემანსიპაციას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარეობს ჩერქეზიშვილის ფედერალიზმის იდეა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფედერალური მოწყობის გაგება.
ძირითადი მომენტი, რომელზეც ჩერქეზიშვილი ყურადღებას ამახვილებს, მარქს-ენგელსის ფილოსოფიის ავტორიტარული ხასიათია, რომელიც ადამიანის ემანსიპაციისა და თავისუფლების სახელით ყველაზე უკიდურეს ტოტალიტარულ თეორიას ქმნის. ამ ფილოსოფიის მეტაფიზიკურობა და ავტორიტარულობა შეიცავს აბსოლუტურ ხელისუფლებაში გადაგვარების საფრთხეს, რისი მიზეზიც მარქსისა და ენგელსის მიერ შერჩეული არასწორი მეცნიერული მეთოდოლოგია იყო. კვლევის ინდუქციური მეთოდის ნაცვლად, მარქსი და ენგელსი მეტაფიზიკურ მეთოდს ეყრდნობიან, რაც ამ თეორიის მეთოდოლოგიურ ავტორიტარიზმს განაპირობებდა. ეკონომიკური ანალიზის ის ხერხები, რომლებსაც ენგელსი ავითარებდა, ახალ ეკონომიკურ რეალობებს და ვითარებებს უარყოფდა. ფაქტობრივად, წინასწარ მოცემულ აბსტრაქტულ დაშვებებზე ხდებოდა ფაქტობრივ გარემოებათა რედუქცია. ჩერქეზიშვილის აზრით, გაფეტიშებული ეკონომიკური ურთიერთობების მეტაფიზიკური წანამძღვრებიდან ხდებოდა ფაქტობრივი ვითარებების დედუქცია. მარქს-ენგელსის ფილოსოფიის თეორიული ავტორიტარიზმი, რომელსაც აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობის, სასრული მეცნიერულობის და მისი მონოპოლიზაციის პრეტენზია ჰქონდა, ტრანსცენდირდებოდა მარქსისა და ენგელსის ფილოსოფიის საფუძველზე შექმნილ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ მთელი ძალები სახელმწიფოს ხელში ჩაგდებისაკენ მიმართა და ამის გამო თავად იქცა ამ იერარქიული სისტემის, ცენტრალიზაციის, ჩაგვრის და ძალადობის ნაწილად. ჩერქეზიშვილის აზრით, მარქსისტებისთვის დამახასიათებელია ეკონომიკური რეფორმების გაღმერთება და მთელი სოციალური ცხოვრების მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობათა პრინციპებზე დაყვანა. სოციალ-დემოკრატები დასავლეთ ევროპაში, მარქსიზმის მათეული დოქტრინით - ფორმულით, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა სოციალურ ცხოვრებაში წარმოებით ურთიერთობებს ენიჭება - ვარაუდობდნენ, რომ მშვიდობიანი რეფორმების განხორციელებისათვის საჭიროა ძალაუფლების ხელში აღება. რევოლუციურ მოქმედებას ცვლის მშვიდობიანი რეფორმიზმის იდეა. წარმოებითი ურთიერთობანი წარმოებისა და გაცვლის ევოლუციის შედეგს წარმოადგენს და არა რევოლუციონერების ინიციატივასა და მიღწევას. წარმოებითი ურთიერთობების დოქტრინის შემთხვევაში ადგილი არ რჩება რევოლუციონერებისათვის. ამის საუკეთესო ნიმუში თავად სოციალ-დემოკრატიაა. მან მთელი მისი ძალისხმევა საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლისკენ მიმართა. „ქვემოდან“ სახალხო მოძრაობის თვითორგანიზების ნაცვლად სახეზეა „ზემოდან“ განხორციელებული სახელმწიფოს რეფორმები, ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ძალაუფლებისათვის ბრძოლა, აქტიური ცხოვრებისეული პოზიციისა და გარემოს ეთიკური შეფასების ნაცვლად კი კვიეტიზმი, ფატალიზმი და დოქტრინალიზმი.
ჩერქეზიშვილის აზრით, „კაპიტალის კონცენტრაცია და კლასთა ბრძოლა მარქსისტების ტაქტიკისა და ეთიკის საფუძველს წარმოადგენს“, რომელიც მათ ფატალისტურ დარწმუნებულობას ანიჭებს, რომ კაპიტალისტები თავად ამოჟლიტავენ ერთმანეთს. ჩერქეზიშვილი ვარაუდობდა, რომ ინდუსტრიალიზმის აპოლოგია, საწარმოო ძალების განვითარებისადმი ქედის მოხრა და რწმენა სახელმწიფოს საშუალებით სოციალიზმის იძულებით განხორციელებისა მარქსისტებს ავტორიტარიზმისაკენ, ფატალიზმისაკენ და არაადამიანურობისაკენ მიაქანებდა. იგი აღნიშნავდა, რომ ინდუსტრიალიზმის აპოლოგიის ჭრილში მარქსისტებმა ვერ გაუგეს სოფლის მეურნეობის სისტემას, რადგანაც მათ მიერ წარმოჩენილი ინდუსტრიული განვითარების სისტემაში სოფლის მეურნეობის სურათი სათანადოდ ვერ ჯდებოდა („ისინი ყველა ენაზე განადიდებენ მათ მეცნიერებას, რომლის თანახმადაც გლეხები კაცობრიობის საკეთილდღეოდ უნდა გაღარიბდნენ, დაკარგონ მიწები, ხოლო მუშებმა კაპიტალისტების სასარგებლოდ უნდა იმუშაონ“). მარქსისტების მიერ ინდუსტრიალიზმისა და სახელმწიფოს აპოლოგია წინ წამოწევდა ქალაქური ცხოვრების წესს, გლეხურ ფერმერულ მეურნეობებს კი მისდამი დაქვემდებარებულს ხდიდა. ასეთ ვითარებას მარქსისტები აუცილებლად მიჰყავდა, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობების ინდუსტრიალიზაციის, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების (მშვიდობიანი, პარლამენტარული ან შეთქმულების გზით) იდეასთან და სოციალიზმის ახალ სახელმწიფო მონობასთან, ყაზარმისა და ჩაგვრის პრაქტიკასთან. ამრიგად, ბაკუნინის მიერ გამოთქმული პროგნოზი, რომ სოციალისტები თავისუფლების სახელით თავისუფლებას გაანადგურებდნენ, სრულად გამართლდა საბჭოთა კავშირში და სხვადასხვა სოციალისტური წყობის ქვეყნებში. კროპოტკინის კვალდაკვალ, ჩერქეზიშვილი სოციალურ რევოლუციას განიხილავდა არა როგორც რევოლუციას სახელმწიფოს მეშვეობით, არამედ როგორც რევოლუციას სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებდა ბიუროკრატიულ მანქანას და ახორციელებდა დაუყოვნებლივ ექსპროპრიაციას, უზრუნველყოფდა მოშიმშილეებს საკვებით, უსახლკაროებს საცხოვრებლით და ხსნიდა გზას „ქვემოდან“ მომდინარე სახალხო ინიციატივის საფუძველზე ახალი საზოგადოების შექმნისათვის. ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ სოციალისტური აზროვნებისა და საზოგადოებრივი მოძრაობის ისტორიის წარმოდგენასა და ანალიზს მუდმივად ერწყმის მარქსიზმის წინააღმდეგ დაუნდობელი პოლემიკა.
კარლ კაუცკისა და იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) პოლემიკა ვარლამ ჩერქეზიშვილთან. ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც მან მარქსისტული ფილოსოფიის ფსევდომეცნიერულობა გამოააშკარავა, მას დაუმკვიდრდა მარქსიზმის, როგორც ფსევდომეცნიერების განმაქიქებლის სახელი. მარქსისტული ფილოსოფიის თეორეტიკოსები იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ ჩერქეზიშვილის ფუნდამენტური კრიტიკისათვის. ეს გამოიხატა კ. კაუცკის პასუხში ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი და იოსებ სტალინის პოლემიკაში. კაუცკი, რომელიც მარქსისტული ფილოსოფიის აღიარებულ თეორეტიკოსად ითვლებოდა, ჩერქეზიშვილის არგუმენტების სიძლიერის გამო იძულებული გახდა ირიბად ეღიარებინა, რომ „კომუნისტური მანიფესტის“ პირველი თავი აღებული იყო ვიქტორ კონსიდერანის ნააზრევიდან. ამ პასუხით ჩერქეზიშვილი არ დაკმაყოფილდა და 1907 წელს, თბილისში, ჟურნალ „თემში“ გამოაქვეყნა პასუხი კაუცკისადმი სათაურით „როგორც იქნა აღიარეს“, სადაც წყაროების საფუძველზე დააზუსტა ის პრეტენზიები, რომლებიც ე.წ. ახალ მარქსისტულ მეცნიერებას ჰქონდა, რაც სინამდვილეში სხვადასხვა ეკონომისტისა თუ სოციალისტი მეცნიერის ნაშრომთა კომპილაციას წარმოადგენდა. „ახალი მეცნიერება“ სინამდვილეში სხვისი აღმოჩენების და იდეების მითვისებას წარმოადგენდა. ჩერქეზიშვილი უფრო დაწვრილებით ააშკარავებს ე.წ. მეცნიერული მარქსიზმის ფსევდომეცნიერულ ხასიათს. ფაქტობრივად, ეს ე.წ. ახალი მეცნიერება სისტემურად ანგრევდა „არამეცნიერული“ სოციალისტური მოძრაობების მოთხოვნებს, კერძოდ, დაქირავებული შრომის, კაპიტალისტების მიერ მშრომელების ექსპლუატაციის გაუქმებას, ყველა წარმოების საშუალებების მუშებისა და ასოციაციებისადმი, და, ასევე, მიწებისა და მიწის დამუშავების საშუალებების თავისუფალ გლეხთა ასოციაციებისადმი გადაცემას. ამის ნაცვლად, ახალი მეცნიერება ჯიუტად ცდილობდა ინდივიდუალური თავისუფლების პრინციპის გაუქმებას. ჩერქეზიშვილის აზრით, მარქსი, ენგელსი და პლეხანოვი ვარაუდობდნენ, რომ რაც უფრო მდიდრდებოდნენ კაპიტალისტები, მით უფრო მეტად ღატაკს ხდიდა ეს პროლეტარიატს. გლეხური მეურნეობების განვითარება არ ჯდებოდა კაპიტალიზაციის საერთო სურათში და არ ემთხვეოდა ამ თეორეტიკოსების მიერ წარმოჩენილ საყოველთაო პროლეტარიზაციის და გაღატაკების გეგმას. კაცობრიობის საკეთილდღეოდ ხარბ კაპიტალისტურ ინდუსტრიალიზაციას სრულად უნდა შთაენთქა თავისუფალი წარმოების ნებისმიერი კერა, გლეხობას უნდა დაეკარგა მიწა, თავისუფალ ასოციაციებში ცხოვრების ნაცვლად მისი სრული გაღატაკება და განადგურება უნდა მომხდარიყო. ჩერქეზიშვილის აზრით, ის აღმოჩენები, რომლებზეც ენგელსი მიუთითითებდა, არ ეკუთვნოდა მარქსს; მაგალითად: (1). ზედმეტი ღირებულების თეორია აღმოჩენილი იყო თავად ენგელსის დაბადებამდე ერთი წლით ადრე, 1819 წელს, ხოლო შემდეგ დამუშავებული იყო დამატებითი/ზედმეტი ღირებულების თეორიის სახით 1824 წელს. (2). შრომის ღირებულებითი თეორიის აღმოჩენა მარქსამდე ასი წლით ადრე ადამ სმიტის მიერ იყო დადგენილი. (3). ისტორიის ეკონომიკური ახსნის შესახებ წერდნენ ლუი ოგიუსტ ბლანკი, დევიდ ჰიუმი და სხვ. რაც შეეხება ისტორიის ბუნებრივ ევოლუციურ განვითარებას, ჩერქეზიშვილის აზრით, ამის შესახებ ჯერ კიდევ ინდუქციური მეცნიერების წარმომადგენლები და ენციკლოპედისტები, ასევე, ჯან ბატისტა ვიკო, იოჰან გოტფრიდ ჰერდერი, შარლ ფურიე, ოგიუსტ კონტი, ჰერბერტ სპენსერი და სხვ. წერდნენ. (4). კლასთა ბრძოლაც, ფაქტობრივად, თომას პეინის, ფრანსუა პიერ გიიომ გიზოს, ლუი ოგიუსტ ბლანკის და სხვათა მიერ იყო დამუშავებული. (5). კაპიტალის კონცენტრაციაზე, რომლის მიხედვითაც 1845 წლიდან კაპიტალისტების რაოდენობა მცირდებოდა, ვინაიდან „ერთი კაპიტალისტი ბევრს კლავს“ (მარქსი), მარქსამდე ოცი წლით ადრე წერდნენ ვიქტორ კონსიდერანი და სხვები. (6). მუშათა საპარლამენტო წარმომადგენლობა 1867 წელს გერმანელი სოციალისტების მიერ იქნა ჩაფიქრებული და 1873 წელს დაფუძნდა როგორც მეცნიერული სოციალიზმის პარტიის ტაქტიკა. (7). საგულისხმოა მარქსის მიერ ინტერნაციონალის დაარსებაც. ჩერქეზიშვილის აზრით, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი მონაწილეობა და გავლენა უზარმაზარი იყო, თუმცა, ინტერნაციონალი დაარსდა 1862 წელს, პრუდონისტი ფრანგი მუშებისა და ტრეიდ-იუნიონისტების მიერ, ხოლო მარქსი კი მას შეუერთდა ორი წლის შემდეგ, 1864 წლის შემოდგომაზე. (8). მუშათა მოძრაობის ფორმულა -„მუშათა კლასების განთავისუფლება თავად მუშათა კლასის საქმეა“ - შეიტანეს ინტერნაციონალის წესდებაში ფრანგი მუშების დაჟინებული მოთხოვნით, რომ ინტერნაციონალის წევრები მხოლოდ ფიზიკური შრომით დაკავებული პირები უნდა ყოფილიყვნენ. (9). დიალექტიკური მეთოდი, ჩერქეზიშვილის აზრით, ჯერ კიდევ არისტოტელემ აღწერა თავის „ლოგიკაში“ და მის აღმომჩენად სოფისტების სკოლის დამაარსებელი ძენონ ელეელი მიიჩნია. ამ მეთოდის მარქსის მიერ გამოყენება არ წარმოადგენდა სიახლეს. (10). მარქსმა და ენგელსმა პირველებმა როდი მიუთითეს შრომითი კანონმდებლობის მნიშვნელობაზე. ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 1802 წელს რობერტ ოუენის ინიციატივით მიღებული იქნა პირველი შრომითი კანონმდებლობა, შემდეგ კი მას მოჰყვა შრომითი კანონმდებლობის მთელი სერია 1809, 1812 და 1819 წლებში. ჯერ კიდევ მარქსისა და ენგელსის მოზარდობის პერიოდში, 1836 წელს, სადლერის კომისიამ შესთავაზა საზოგადოებას ათსაათიანი სამუშაო დღის შემოღება ნაცვლად 14, 16 და 18 საათიანი სამუშაო დღისა. (11). 1844 წელს ენგელსის მიერ აღმოჩენილი მინიმალური ხელფასის კანონი კი, როგორც ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, ცნობილი იყო ეკონომიკურ მეცნიერებაში როგორც ტურგო-რიკარდოს კანონი, რომლის შესახებაც წერდა მრავალი ეკონომისტი. ჩერქეზიშვილი კვლავაც დაასკვნის, რომ მარქსის, ენგელსის, კაუცკის და პლეხანოვის მიერ განვითარებულ იდეებს კავშირი არ აქვთ კომუნიზმთან. „ეს არ არის კომუნიზმი, არამედ ეს არის სოლდატჩინა, დისციპლინისა და მონობის ქადაგება!“
ვარლამ ჩერქეზიშვილთან ინტენსიური დისკუსია ჰქონდა იოსებ სტალინს. 1906 წლის ივნისიდან 1907 წლის აპრილამდე სტალინმა ბოლშევიკურ გაზეთებში „ახალი ცხოვრება“, „ახალი დროება“, „ჩვენი ცხოვრება“ და „დრო“ გამოაქვეყნა ფილოსოფიური სტატიების სერია, რომელიც შემდეგში პატარა წიგნის „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“ სახელით გამოვიდა და მარქსისტული ფილოსოფიის თეორიული პრინციპების ავტორისეულ გაგებას მოიცავს. ნაშრომი ქართველი ანარქისტის, ვარლამ ჩერქეზიშვილის და მისი მომხრეების, მიხაკო წერეთლის და შალვა გოგელიას წინააღმდეგ იყო მიმართული. უმთავრესად, სტალინის იმდროინდელი შემოქმედება ვარლამ ჩერქეზიშვილის განაზრებებს უკავშირდება. სტალინმა კარგად იგრძნო ჩერქეზიშვილის არგუმენტების სიძლიერე და მათ გაბათილებას შეეცადა. თუმცა, სტალინის მიერ გამოთქმული თეზისები ადასტურებდა ჩერქეზიშვილის ვარაუდების სისწორეს. კერძოდ, ე.წ. მარქსიზმის მიერ ინდივიდის მასობრიობაში გათქვეფის თეორიულ ტენდენციებთან დაკავშირებით, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმში და ტოტალიტარიზმში უნდა გადაგვარებულიყო. სტალინის აზრით, მარქსიზმი და ანარქიზმი სრულიად სხვადასხვა პრინციპებზეა აგებული, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სოციალისტური დროშით გამოდის ბრძოლის ველზე. ანარქიზმის ქვაკუთხედი პიროვნებაა, რომლის გათავისუფლება უმთავრესი პირობაა მასის, კოლექტივის გათავისუფლებისა. ანარქიზმის მიხედვით, მასის გათავისუფლება შეუძლებელია მანამ, სანამ პიროვნება არ გათავისუფლდება, რის გამოც მისი ლოზუნგია „ყველაფერი პიროვნებისათვის“. მარქსიზმის მიხედვით, პიროვნების გათავისუფლება შეუძლებელია მანამ, სანამ მასა არ გათავისუფლდება, რის გამოც მისი ლოზუნგია - „ყველაფერი მასებისათვის“. ჩერქეზიშვილის აზრით, მეტაფიზიკურობასთან შერწყმული მასობრიობის ბუნდოვანი პრინციპი ინდივიდუალური საწყისის გაუჩინარებას იწვევს. ჩერქეზიშვილს არასოდეს გაუცია პასუხი სტალინის არგუმენტებისთვის, მაგრამ თავად სტალინის თეორიული მცდელობა უდავოდ საინტერესოა.
(ა) ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომები
• ჩერქეზიშვილი, ვ.: თხზულებანი, ტ. I, თბილისი: „carpe diem“, 2011 წ.
• Tcherkesoff, W.: Pages D’Histoire Socialiste, Doctrines et Actes de la Social-Democratie, Paris: „Temps Nouveaux“, 1896.
• Tcherkesoff, W.: Concentration of Capital: A Marxian Fallacy, London: „Freedom Press“, 1911.
• Tcherkesof, V.: Paginas de Historia Socialista: Confesión de Karl Kautsky Acerca de la Originalidad del „Manifesto Comunista“, Buenos Aires: „Ediciones IMAN“, 1934.
• Черкезов, В. Н.: Николай Платонович Огарёв, в: La Commune. Община: Социально-революционное обозрение, № 3/4 (Женева, 1878, март-апрель), გვ. 19-20.
• Черкезов, В. Н.: I. По поводу войны, в: La Commune. Община: Социально-революционное обозрение, № 1 (Женева, 1878, янв.), გვ. 22-22; II.- № 2 (Женева, 1878, февр.), გვ. 11-15 ; III.- № 5 (Женева, 1878, май), გვ. 12-14; IV. - № 6/7 (Женева, 1878, июнь-июль), გვ. 30-32.
• Черкезов, В. Н.: Раскол среди Социалистов-Государственников, в: Доклады Международному революционному рабочему конгрессу 1900-го года в Париже, Лондон: „Изд-е Группы Русских Коммунистов-Анархистов“, 1902, გვ. 26-40.
• Черкезов, В. Н.: Наконец-то сознались: Ответ К. Каутскому, Тифлис: „Теми“, 1907.
• Черкезов, В. Н.: Предтечи Интернационала, перевод с Французского, Л. Гогелиа, СПб.: „Друг народа“, 1907.
• Черкезов, В. Н.: Страницы из истории: Теория и практика социал-демократии, Москва, 1907.
• Черкезов, В. Н.: Предтечи Интернационала, Доктрины Марксизма, Санкт-Петербург - Москва: „Голос труда“, 1919.
(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა
• გოგატიშვილი, მ.: ანარქიული ქალაქის სოციალური ეკოლოგია (ვარლამ ჩერქეზიშვილი და მიურეი ბუკჩინი), წიგნში: ფილოსოფიური ურბანისტიკა, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ., გვ. 72-96.
• ფერაძე, გ.: ვარლამ ჩერქეზიშვილი დიდი ბრიტანეთის წიგნსაცავებსა და არქივებში, თბილისი: „პოლიგრაფი“, 2001 წ.
• შველიძე, დ.: აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი!, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001 წ.
• ჩერქეზიშვილი ვარლამ, წიგნში: რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი და სხვ., ქართველები უცხოეთში, წ. I, თბილისი, 2012 წ., გვ. 196-197.
• Avrich, P.: The Russian Anarchists, Princeton: „Princeton University Press“, 1971.
• Gogatishvili, M.: Dictatorship and Theory (Varlam Cherkezishvili's Critic of Social-Democratic Movement), in: Proceedings: 3rd Eurasian Multidisciplinary Forum (19-21 October, 2015, Tbilisi, Georgia), Kocani: „European Scientific Institute“, 2015, გვ. 154–158.
• Lang, D. M.: A Georgian anarchist, in: A Modern History of Soviet Georgia, New York: „Grove Press“, 1962, გვ. 119-120.