2024-09-21 ნიკოლოზ კოპალეიშვილი

წმ. ქეთევან დედოფალი

1 -წმ. ქეთევანის ცხოვრება

წმ. ქეთევან დედოფალი (გარდ. 1624 წ.) - დიდმოწამე, დედოფალი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა. ის გახლდათ აშოთან მუხრანბატონის ასული. როგორც გრიგოლ ვახვახიშვილი მოგვითხრობს, ადრეული ასაკიდანვე ღმრთისმსახურებაში ღრმად განსწავლული მომავალი დედოფალი განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩეოდა („ხილვითა ხატისათა ფრიად შუენიერ და ბრწყინვიდა სახე მისი“). იგი დააქორწინეს (დაახ. 1581 წ.) კახთა მეფის, ალექსანდრეს ძეზე - დავითზე. გრიგოლის ცნობითვე, მათი ქორწინება სანიმუშო ყოფილა. 1605 წელს, დავითის ხანმოკლე მეფობისა და გარდაცვალების შემდგომ, დავითის ძმამ, კონსტანტინემ მოკლა მამა და ძმა, გიორგი. მისი მიზანი კახეთის ტახტის დაკავება იყო, რასაც ქეთევან დედოფალი ერთგული თანამებრძოლების დახმარებით დაუპირისპირდა. კონსტანტინე მოკლულ იქნა, მოგვიანებით კი სამეფო ტახტი ქეთევანის ვაჟმა, თეიმურაზმა დაიკავა, რომელიც მანამდე იმყოფებოდა ირანში როგორც პოლიტიკური მძევალი.

XVII ს.-ში ქართული სახელმწიფოები დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. გეოგრაფიული მდებარეობა - ერთი მხრივ, მეზობლობა ოსმალეთთან, მეორე მხრივ კი ირანთან - ქართულ სახელმწიფოებს დიდ საფრთხეებს უქმნიდა. ზემოხსენებული ქვეყნების აგრესიულ პოლიტიკას თან ერთვოდა დიდი კულტურული სხვაობა, რომელიც საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოების პოლიტიკურ ბედს, არამედ ეროვნული იდენტობის საკითხსაც აყენებდა. ეს, უპირველესად, ისლამური სახელმწიფოების რელიგიური მიზნებით იყო განპირობებული. მთავარი დარტყმის ობიექტიც ქართულ სახელმწიფოებში ქრისტიანული რელიგია აღმოჩნდა. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა ირანის მმართველმა - შაჰ-აბას I-მა. იგი გამჭრიახი, მამაცი პოლიტიკოსი იყო, რომლის ინტერესსაც ქართულ მიწაზე განაპირობებდა ირანის საგარეო პოლიტიკა - ოსმალეთთან და რუსეთთან კონკურენცია. შაჰ-აბასი 1613 წელს, მას შემდეგ, რაც ოსმალეთთან თავისი პოლიტიკური/სამხედრო ამბიციები დაიკმაყოფილა, თავისი ჯარით საქართველოსკენ დაიძრა. მეფე თეიმურაზ I-ს, სამეფოს გადარჩენის იმედით, მისთვის მძევლად თავისი დედის, ქეთევან დედოფლისა და ვაჟების, ლევანისა და ალექსანდრეს ჩაბარება მოუხდა. თუმცა, კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. მალევე, თეიმურაზის გამოუცხადებლობის საბაბით, შაჰმა აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. მოგვიანებით, 1615 წელს, კახეთში აჯანყებამ იფეთქა, რასაც, მიუხედავად ქართველების თავდაპირველი გამარჯვებისა, 1616 წელს ირანის დიდი აგრესია მოჰყვა (ამის შედეგად ფერეიდანში ასეულათასობით ქართველი იქნა გადასახლებული). ეს მძიმე პოლიტიკური ფონი, რომელიც, გარდა ლოკალური საკითხებისა, ირანის სხვა ქვეყნებთან პოზიციების გამყარებას გულისხმობდა, გახდა საფუძველი ირანში მძევლად მყოფი ქართველი სამეფო კარის წარმომადგენლების მძიმე ხვედრისა. მეფის ვაჟები დაასაჭურისეს. 1620 წელს შირაზში, 40-მდე მხლებელთან ერთად გადასახლებული დედოფალი კი, მიუხედავად მრავალი შეგონებისა და ბრძანებისა - მიეღო მაჰმადიანობა და გამხდარიყო შაჰის ცოლი - მტკიცედ იცავდა ქრისტიანობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულია ამ პერიოდში ქეთევან დედოფლის მიერ დაწერილი „ანბანთქება“, ლექსი, რომლის სტრუქტურაც ქართული ანბანის თანმიმდევრობის საფუძველზეა აგებული. მოკლე ლექსის სტრიქონებში ნათლად არის ასახული ტყვეობაში მყოფი ქართველი დედოფლის ერთობ მძიმე მდგომარეობა. შირაზში ყოფნისას ქეთევან დედოფალს ურთიერთობა ჰქონდა ევროპელ მისიონერებთან, რომლებმაც, შემდგომ, მისი წმინდა ნაწილები შემოუნახეს საქრისტიანოს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად მთელი რიგი მცდარი მოსაზრებებისა ქეთევან დედოფლის მიერ მართლმადიდებლობის დატოვებისა და კათოლიკობის მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც მისი განუზომელი ღვაწლის კათოლიკობასთან დაკავშირებას ემსახურებოდა (მაგალითად, კლოდ მალენგრის თხზულება), ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამას ადგილი არ ჰქონია (ეს დამაჯერებლად აქვს ნაჩვენები მ. ნაჭყებიას თავის მონოგრაფიაში „ქეთევან წამებული XVII-XVIII სს ქართულ და ევროპულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში“, 2024 წ.). წმინდა დედოფალი, როგორც მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, 1624 წლის სექტემბერში (ზოგი ცნობით 12, 13, ან 22 სექტემბერს) ხანგრძლივი, მტანჯველი ტყვეობის შემდგომ სასიკვდილოდ, სასტიკი მეთოდებით (გახურებული მაშებით) აწამეს.

ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი ღვაწლი ევროპელი მისიონერების წყალობით დასავლური სამყაროს სხვადასხვა სახის ლიტერატურის სიუჟეტებში მალევე აისახა - ამბროზიო დუშ ანჟუშის, კასტელის, არქანჯელო ლამბერტის, შარდენის და სხვათა ჩანაწერებში, ანდრეას გრიფიუსის დრამატურგიაში და სხვ. რაც შეეხება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, ისინი თეიმურაზისთვის ჯერ ევროპელ მისიონერებს, შემდგომ კი ქართულ დიპლომატიურ მისიას ჩამოუტანია, რასაც, ჟამთა სიავის გამო, დღემდე არ მოუღწევია. დედოფლის წმინდა ნაწილები, ასევე, გატანილ იქნა ინდოეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ინდოეთში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიგნებული მისი წმინდა ნაწილები თავდაპირველად, დროებით, 2017 წელს, შემდგომ კი 2021 წელს (უკვე საბოლოოდ), საქართველოში იქნა ჩამოსვენებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმ. ქეთევანის ხსენებას 26 (ძვ. სტ. 13) სექტემბერს აღნიშნავს.

2 -წმ. ქეთევანი ქართულ აზროვნებაში

წმ. ქეთევანის ღვაწლი იმთავითვე მოექცა ქართული ქრისტიანული აზროვნების ყურადღების ცენტრში. აქ, უპირველესად, უნდა აღინიშნოს ქეთევან დედოფლის ვაჟის, მეფე თეიმურაზ I-ის პოემა „წიგნი და წამება ქეთევან დედოფლისა“ (კ. კეკელიძის აზრით, ეს პოემა დაწერილი უნდა იყოს 1625 წელს). პოემა, რომელიც 86 ლექსისგან შედგება (თავად თეიმურაზი 80-ს ასახელებს, ხოლო ბოლო ნაწილი შედარებით გვიანდელ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს), წარმოაჩენს ქეთევან დედოფლის მოწამეობრივ ღვაწლს, ქრისტიანულ სათნოებებსა და პოლიტიკურ მნიშვნელობას ქართველი ერის ცხოვრებაში. თხზულებაში, გარდა ისტორიული სინამდვილისა, გადმოცემულია ტანჯული დედოფლის და თავად ავტორის, თეიმურაზ მეფის სულიერი განცდები. თეიმურაზის პოემაში ვხვდებით არცთუ ისე მდიდარ, თუმცა კი, აღსანიშნავ თეოლოგიურ დებულებებსაც. თეიმურაზთან ხაზი ესმება მოწამეობის საფუძველზე ქრისტეს მსგავსებას. მაგალითად, ერთგან იგი საყვედურობს თავის თავს, რომ დედოფლის წამებისას იქ არ იყო და მარჯვენით არ ეცვა ჯვარს: „მე ავაზაკი შემცოდე ახლოს არ ვიყავ, ვინანი, მარჯვენით ჯვარსა არ ვეცვი, ამად ვარ ცრემლთა მდინანი“. შესაბამისად, ავტორი დედოფალში ხედავს მოწაფეს, რომელმაც დაამოწმა თავისი მასწავლებლის ღვაწლი და მიემსგავსა მას. გარდა იმ მძიმე მდგომარეობისა, რომლის დათმენაც უხდებოდა მრავალი წლის მანძილზე მის დედას. თეიმურაზი თავად წამებასაც დეტალურად აღწერს. აღსანიშნავია, რომ პოემაში, გარდა საკუთრივ თეოლოგიური, ან კიდევ პოლიტიკური საზრისის გვერდით ნათლად იკითხება წმ. ქეთევანის, როგორც დედის სახე - ავტორის გულწრფელი განცდები (შვილი აღწერს საკუთარი დედის წამებას) ნაშრომს იშვიათ ხასიათს სძენს, რომელიც, ვფიქრობთ, დედაშვილობის ლიტერატურული ასახვის კუთხით უნიკალურია. თეიმურაზ მეფის მიერ ქეთევან დედოფლის ღვაწლის აღწერის კონტექსტში, ასევე, ახალი დროის ქართულ ლიტერატურაში საგულისხმოა არჩილ მეფის პოემა „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“, სადაც, თეიმურაზ მეფის ცხოვრების ჭრილში წარმოჩენილია ქეთევან დედოფლის მოღვაწეობის ცალკეული მხარეები. პოემაში ქართველი დედოფალი დახასიათებულია როგორც გონიერი მმართველი და ქვეყნისათვის თავდადებული მონარქი; უმეტესწილად, აქ ყურადღება გამახვილებულია დედოფლის პოლიტიკურ სტატუსსა და იმ როლზე, რომელიც მან იმ პერიოდის კახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეასრულა.

გარდა თეიმურაზისა, ქეთევან დედოფლის ღვაწლი ლექსად აღწერა კოზმა მონაზონმა (რომელიც 1715 წ. ლეკებმა მოკლეს) და დიმიტრი ბაგრატიონმა (XVIII-XIX სს.).

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გრიგოლ ვახვახიშვილის (დოდორქელის) ჰაგიოგრაფიული თხზულება „წამებაჲ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოსა მიერ ქალაქსა შირაზისასა“ (დაახ. 1703-1713 წწ.). მასში დეტალურადაა აღწერილი ქართველი დედოფლის მოღვაწეობა და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება. გარდა ამისა, ეს თხზულება მნიშვნელოვანია ქართულ აზროვნებაში ქრისტიანული იდეების გადმოცემისა და ინტერპრეტაციის კუთხითაც, რის საფუძველზეც ცხადად და ნათლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ახალი დროის ქართული ქრისტიანული აზროვნების სპეციფიკაზე.

გრიგოლ დოდორქელის თხზულება მდიდარ ბიოგრაფიულ ცნობებს გვაწვდის ქეთევან დედოფლის შესახებ. საინტერესოა, რომ თხზულების დაწერის ერთ-ერთ მოტივად ავტორი ეროვნულ ინტერესებს მოიაზრებს. მისი აზრით, წმინდანები განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარ ერებზე. ამგვარად, ამა თუ იმ წმინდანის ღვაწლის აღწერა განსაკუთრებული სარგებლის მომტანია მისი ერის წარმომადგენელთათვის: „ყოველნი წმიდანი ღმრთისანი, თჳსთჳთა ქუეყანათა და სოფელთა იღუწიან [...] ეგევითარივე სასყიდელი მოვიღოთ მის მიერ [...] და უფროისადცა იღუაწოს ჩვენთჳს და ქუეყანათა თჳსთათჳს“. აქ ხაზგასმულია ქეთევან დედოფლის განსაკუთრებულ ღვთისმოსაობა. საგულისხმოა ცალკეული ქრისტიანული ანთროპოლოგიური კატეგორიების წარმოჩენაც (მაგალითად, გრიგოლი საუბრობს სიკვდილზე, როგორც ადამიანის ბუნების „თანანადებზე“; იგი, არაერთხელ, ქეთევან დედოფლის ღვაწლთან დაკავშირებით მამაკაცსა და ქალს შორის განსხვავებას შლის ახალაღთქმისეულ იდეაზე დაყრდნობით). გრიგოლ დოდორქელი ქეთევან დედოფლის ქრისტიანულ სარწმუნოებაში ღრმა განსწავლულობასაც წარმოაჩენს. აქ იკვეთება, რომ ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი ღირსება არა მხოლოდ პოლიტიკური თავდადებით, არამედ ქრისტესადმი სიყვარულითა და მისი მიბაძვით - ქრისტიანული სათნოებებით წარმოჩინდება. ამგვარად, ქეთევან დედოფლის „ხატი“, სახე აქ წარმოჩენილი და შემკულია ორმაგად: ერთ შემთხვევაში ის ქვეყნისთვის თავდადებული მონარქია, მეორე შემთხვევაში კი წარმოდგენილია როგორც თავგანწირული მორწმუნე, წმინდანი, რომელიც სიკვდილამდე ქრისტიანობის ერთგული რჩება.

აღსანიშნავია ანტონ ბაგრატიონის „მარტირიკაც“ (დაახ. 1769 წ.), სადაც წმ. ქეთევანის ღვაწლზეცაა საუბარი. ნაშრომში ქრონოლოგია დაცული არ არის და საყურადღებოა, რომ, პირველ რიგში, ავტორი სწორედ ქეთევან დედოფლის ცხოვრებას აღწერს. თხზულებაში საგანგებოდაა ხაზგასმული ბაგრატიონთა დინასტიის ღირსება, რომელსაც თავად ავტორიც მიეკუთვნებოდა. წოდებაში „დავითიან-ბაგრატოვანი“ ნათლად ჩანს შუასაუკუნეებრივი მეფის ღვთაებრივი ლეგიტიმაციის იდეა - ბაგრატიონები დაკავშირებულნი არიან ბიბლიურ დავითთან (ქეთევან დედოფალს ანტონი დავითის ასულადაც მოიხსენიებს). ანტონიც, გრიგოლ დოდორქელის მსგავსად, ქეთევან დედოფალს ახასიათებს როგორც ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლულ პიროვნებას, ასევე, მლოცველს, ასკეტს - დაცემულ ბუნებასთან მებრძოლს. მიუხედავად პოლიტიკური ნარატივებისა, გრიგოლის მსგავსადვე, მასთან იკითხება წმ. ქეთევანის, როგორც ეკლესიის წმინდანის პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილ სიმბოლოდ წარმოჩენა. წმინდანის მოწმობა აქ აღემატება მონარქის გაწეულ სამსახურს. წმ. ქეთევანის მოწამეობრივი, ქრისტეს ერთგულების ღვაწლიც, მიუხედავად ეროვნულ ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენისა, ერთგვარად ამცრობს, ჩრდილში აქცევს მის პოლიტიკურ მნიშვნელობას - ანტონის თანახმად, მან „გამოიწერა ქრისტე თჳს შორის“. ანტონის კალამს ეკუთვნის „წყობილსიტყვაობაც“ (1781 წ.), სადაც, ასევე საგანგებოდაა წარმოდგენილი ქეთევან დედოფლის ღვაწლი.

წმ. ქეთევანის შესახებ თხრობას ვხვდებით იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ (1813-1828 წწ.). აქ მსჯელობა პოლიტიკურ სიბრტყეზე მიდის და მოწამეობრივი ღვაწლი გარკვეული პოლიტიკური მოვლენების განმაპირობებლად გვევლინება (საუბარია ირანის შემდგომ მარცხზე). თუმცა, იოანე ბატონიშვილი ქეთევან დედოფალს, პოლიტიკური შეფასებების გვერდით, რელიგიურ სიმბოლოდაც განიხილავს. მისი ღვაწლი გახლავთ რელიგიური სულისკვეთების გამღვივებელი. იოანე ბატონიშვილი ამის საფუძველზე ბაგრატიონთა ღირსებასაც უსვამს ხაზს. შეიძლება ითქვას, რომ იგი ცდილობს საკუთარი დინასტიის ღვთაებრივი ლეგიტიმაციის ჩვენებას - „კალმასობის“ დაწერის პერიოდში ბაგრატიონები უკვე არ იყვნენ ქართული სახელმწიფოების ხელისუფლებაში და თხზულების ავტორსაც მიზნად, მათ შორის, საკუთარი ოჯახის მეფობის კანონიერების ჩვენება სურდა.

წმ. ქეთევანის სახე ქართულ აზროვნებაში სამი ძირითადი კატეგორიის ირგვლივ შეგვიძლია გავაერთიანოთ. ესენია: მოწამე, მონარქი და დედა. სამივე მათგანის შესახებ ახალი დროის ქართულ აზროვნებაში საინტერესო მოდელებს ვხვდებით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათ შორის ავტორებთან უპირატესად მაინც მარტვილობა არის წარმოდგენილი - ის თითქოს მოიცავს დანარჩენებს და მათი მართებული განხორციელების გარანტსაც კი წარმოადგენს.

გარდა ამისა, XIX ს.-ის ბოლოს ქეთევან დედოფლის ღვაწლი აისახა დრამატურგიულ ნაწარმოებებში (ა. ყაზბეგის [ა. მოჩხუბარიძის] ისტორიული დრამა „წამება ქეთევან დედოფლისა“). ასევე, მრავლად ვხვდებით მისი ღვაწლის აღნიშვნას XX ს.-ის პოეზიაშიც. ქეთევან დედოფლის ღვაწლი სხვადასხვა დარგის შესწავლის საგანია. XX-XXI სს.-ში უნდა აღინიშნოს მრავალრიცხოვანი ისტორიული, ლიტერატურული, წყაროთმცოდნეობითი და სხვა სახის ნაშრომები წმ. ქეთევანის ღვაწლის და მასზედ არსებული ლიტერატურის შესახებ (კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, მ. ცინცაბაძე, მ. ნაჭყებია, ბ. გაფრინდაშვილი, გ. სარაჯიშვილი  და სხვ.).

3 -ბიბლიოგრაფია

• აგულბენკიანი, რ.: ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ, ფრანგულიდან თარგმნეს ი. ტაბაღუამ და ც. ბიბილეიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1987 წ.

ამასვე დღესა წმიდისა დიდისა მოწამისა ქეთევანისი, იხ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი IV, ი. აბულაძის რედაქციით, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ., გვ. 332-333.

• ანჟუში, ა. დ.: ნამდვილი ცნობები უბრწყინვალესი დედოფლის ქეთევანის, დოპოლის, სახელოვან მოწამებრივ სიკვდილზე, რედ. ვ. ლორთქიფანიძე, თბილისი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტამბა“, 2022 წ.

• გაფრინდაშვილი, ბ.: ქეთევან წამებული (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტამბა“, 2022 წ.

• გრიგოლ ვახვახიშვილი (დოდორქელი): წამებაჲ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოსა მიერ ქალაქსა შირაზისასა, იხ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი V, რედ. მ. შანიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1963 წ., გვ. 5-32.

• თეიმურაზ I: წამება ქეთევან დედოფლისა, იხ.: თეიმურაზ I, თხზულებათა სრული კრებული, ტექსტი, გამოკვლევა, ლექსიკონი, ა. ბარამიძის და გ. ჯაკობიას რედაქციით, ტფილისი: „ფედერაცია“, 1934 წ., გვ. 126-137.

თუესა სეკდენბერსა ი’გ წმიდისა და ნეტარისა დედოფლისა და მოწამისა ქეთევანისი, იხ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი IV, ი. აბულაძის რედაქციით, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ., გვ. 329-332.

• იოანე ბატონიშვილი: კალმასობა, ტ. I,  რედ. კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, ტფილისი: „სახელგამი“, 1936 წ..

• კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია. ძველი ქართული ლიტერატურა, ტ. II, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1958 წ.

• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. II, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1952 წ.

• კოპალეიშვილი, ნ.: წმ. ქეთევანი, მოწამე-მონარქის სახე ქართულ აზროვნებაში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2022 წ.

• ნაჭყებია, მ.: მასალები ქეთევან დედოფლისა და საქართველოს შესახებ გერმანელი იეზუიტის იოჰანეს ბისელიუსის ნაშრომში, იხ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, VIII, რედ. გ. ალასანია, თბილისი: „მეცნიერება“, 1993 წ., გვ. 257-266.

• ნაჭყებია, მ.: ქეთევან დედოფლის აღმსარებლობა უცხოურ წყაროთა შუქზე (ქეთევან დედოფლის მართლმადიდებლად აღსრულების დამადასტურებელი ფაქტები. ავგუსტინელების მიერ მისი კათოლიკური ეკლესიის წმინდანად გამოცხადების მცდელობა), ჟურნალში: „რელიგია“, № 3-4 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 15-32.

• ნაჭყებია, მ.: „ქარო, სად მისწვდე, მიიღე ამბავნი არ სამრუდონი...“. ქეთევან წამებული XVII-XVIII სს ქართულ და ევროპულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში, თბილისი: „შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“, 2024 წ.

• სარაჯიშვილი, გ.: წმინდა ქეთევან დედოფალი, თბილისი: „ბარტონი“, 2018 წ.

• ქართველიშვილი, თ.: ქეთევან დედოფალი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალში: „ჯვარი ვაზისა“, №2 (თბილისი, 2017 წ.), გვ. 82-87.

შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისთა, ქმნილი ანტონისგან არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართუელოსა, დავითიან-ბაგრატოვანისა, იხ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი VI, ანტონისგან არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოსა საქართუელოსა, დავითიან-ბაგრატოვანისა ქმნილი წიგნი მარტირიკა, შესხმა და ისტორია ქრისტესთჳს ვნებულთა მოწამეთა ქართუელთა და სხუათა, თბილისი: „მეცნიერება“ 1980 წ., გვ. 12-35.

• ცინცაბაძე, მ.: ქართველთა დიდმოწამე წმინდა ქეთევან დედოფალი, თბილისი: „ალილო“, 2010 წ.

• ცინცაბაძე, მ.: ქეთევან დედოფალი და ქრისტიანული კულტურა: ქეთევან დედოფლის ღვაწლის წარმოჩენა ქართულ, დასავლეთ ევროპულ, რუსულ, სომხურ მწერლობასა და ხელოვნების დარგებში, გაზეთში: „კალმასობა“, №7 (თბილისი, 2001 წ.), გვ. 17.

წამება ქეთევან დედოფლისა, ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად ა. მოჩხუბარიძისა, ჟურნალში: „ივერია“, №4, თბილისი: „ექვთიმე ხელაძის სტამბა“, 1883 წ., გვ. 3-39.

წამება ქეთევან დედოფლისა, ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად ა. მოჩხუბარიძისა, ჟურნალში: „ივერია“, №5, 6, თბილისი: „ექვთიმე ხელაძის სტამბა“, 1883 წ., გვ. 3-49.

წამება ქეთევან დედოფლისა, ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად ა. მოჩხუბარიძისა, ჟურნალში: „ივერია“, №7, 8, თბილისი: „ექვთიმე ხელაძის სტამბა“, 1883 წ., გვ. 97-116.

წმინდა ქეთევან დედოფალი. საგამომცემლო ცნობები, შემდგ. ს. თავაძე, თბილისი: „პალიტრა L“, 2013.

წყობილ-სიტყუაობა, ქმნილი ანტონისაგან პირუჱლისა, კათოლიკოს-პატრიარხისა ყოვლისა საქართუჱლოჲსა, თფილისი: „კავკასიის ნამესტნიკის კანცელარიის სტამბა“, 1853 წ.

• ჯავახიშვილი, ი.: ქართველი ერის ისტორია, ხუთ ტომად, ტ. V, თბილისი: „პალიტრა L“, 2012 წ.

• Bernd, C. A.: Conscience and Passion in Gryphius’ Catharina von Georgien, in: Studies in the German Drama, edited by D. H. Crosby, G. C. Schoolfield, Chapel Hill, North Carolina: University of North Carolina Press, 1974, გვ. 15-29.

• Gryphius, A.: Catharina von Georgien oder Bewehrete Beständigkeit, in: A. Gryphius, Trauerspiele, hrsg. von H. Palm, Tübingen: Druck von H. Laupp, 1882, გვ. 135-256.

• Начкебия, М.: Кетеван // Православная Энциклопедия, т. XXXII, Москва: Церковно-научный центр «Православная Энциклопедия», 2013, გვ. 566-574.