2021-05-21 მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

მიტროპოლიტი ანტონი (ჭყონდიდელი)

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

ღირსი ანტონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, დაიბადა 1731 წელს. იგი იყო სამეგრელოს მთავრის - ოტია დადიანისა (1728-1744 წწ.) და გულქანის (†1790 წ.) - რაჭის ერისთავის, შოშიტა მესამის ასულის შვილი. ანტონს ჰყავდა ოთხი ძმა - კაცია, ნიკოლოზი, გიორგი, გრიგოლი, და ერთი და - მარიამი, შემდგომში მარიამ დედოფალი (†1778 წ.), იმერეთის მეფის - სოლომონ დიდის მეუღლე. უცნობია ანტონ ჭყონდიდელის ერისკაცობის სახელი.

მამის, ოტია დადიანის, გარდაცვალების შემდეგ ანტონი იზრდებოდა თავისი ძმის, კაცია დადიანის (1744-1788 წწ.) სასახლეში; აქ დიდი გავლენა ჰქონდა ანტონის დედას - გულქანს, რომელიც უაღრესად ღვთისნიერი ქალბატონი ყოფილა; ამის შესახებ თედო ჟორდანია წერს: „მოხუცებულ სამღვდელო პირთაგან გამიგონია, რომ მან (ანტონმა) მიიღო პირველ-დაწყებითი სწავლა გულქან დედოფლისაგან, რომელმაც შთაბერა მას ის ცხოველი სარწმუნოება, რომლითაც თვით იყო აღტყინებული. გულქან ეკუთვნოდა იმ გუნდს ძველ დედებისას, რომელნიც განთქმულ იყვნენ ღვთის და მოყვასთა სიყვარულით, ოჯახის ერთგულებით და მხნეობითა, რომელნიც წირვა-ლოცვას არ აკლდებოდენ, ყოველდღე ორჯერ დილა-საღამოს წაიკითხვიდენ დადებულ ლოცვათა ლოცვანის წიგნში, წელიწადში რამდენჯერმე ღამეს უთევდენ და ორჯერ მაინც ეზიარებოდნენ. რადგან ანტონი საერო კაცად იზრდებოდა, მას შეასწავლეს, გარდა საღმრთო წერილისა, რომლითაც იწყებოდა მაშინ ყოველი პირველ-დაწყებითი სწავლა, საერო წიგნები, მელექსეთა ნაწერები და განსაკუთრებით თათრული ენა, იმ დროს მეტად საჭირო ყველა დარბაისელ გვამისათვის“.

დადიანთა ტრადიციის თანახმად, ოტია დადიანი თავის ძეს - ნიკოლოზს ამზადებდა ჭყონდიდის ეპისკოპოსად, მაგრამ საერო ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ნიკოლოზმა ვერ იტვირთა მონაზვნობის მძიმე უღელი. სამაგიეროდ, ანტონს ჰქონდა სასულიერო მოღვაწეობის დაუოკებელი სურვილი; იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღიკვეცა მონოზვნად.

საეკლესიო განათლების მისაღებად ანტონმა მიმართა მარტვილის მონასტრის მამებს, რომელთა დახმარებით და ხელმძღვანელობით ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს. განათლების მეტი სისრულისთვის მას მოუყვანეს ფრანგი (კათოლიკე) მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია, თუმცა ანტონმა ისინი მალევე დაითხოვა, რადგან შეუძლებლად მიიჩნია მართლმადიდებლობისა და მათი მოძღვრების შეთანხმება-შერიგება. თუმცა, სწავლის სურვილი მაინც არ ასვენებდა ანტონს: „ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდ“, - წერს იგი.

1757 წლის ახლო ხანებში ანტონისთვის ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გახსნილიყო საფილოსოფიო სკოლა; ცოდნის გაღრმავების წყურვილით იგი მიემგზავრება თბილისში; „წარვედ [სწავლად] სამეფოსა ქალაქსა, შორსა სოფელსა თფილისსა ეგრელოით [სამეგრელოით] არა განბნევად სიმდიდრისა, არამედ მოღებად გოლისა თაფლისასა...“ – წერს ანტონი 1785 წელს.

თბილისში ანტონი ცხოვრობდა სამეფო კარზე, რამდენადაც მისი ნათესავი – ოტიას ძმის (კაციას) შვილი დარეჯანი ცოლად ჰყავდა ერეკლე მეორეს. სამეფო კარზე ყოფნისას ანტონზე დიდი გავლენა მოუხდენია ადამიანებს, რომელთაც განათლება მიღებული ჰქონდათ ერეკლეს მეორის მიერ თელავში დაარსებულ სკოლაში და წარმატებით ფილოსოფოსობდნენ; როგორც თვითონვე წერს: „მრავალნი წარმატებულად ხედვითთა შინა ფილოსოფოსობათა“. სწორედ ამ სკოლაში განაგრძო სწავლა ანტონმა მღვდლის - ფილიპე ყაითმაზაშვილისა და მისი მოწაფის - ზაქარიას ხელმძღვანელობით. ანტონ ჭყონდიდელის ნაშრომთა გამომცემლისა და მკვლევრის, ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და ფილოლოგის, თედო ჟორდანიას (1854-1916 წწ.) აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ზაქარია გაბაშვილი, მამა ცნობილი ქართველი პოეტის, ბესიკ გაბაშვილისა, ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი და გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, რომელიც გაძევებულ იქნა საქართველოდან კათოლიკოს ანტონ პირველის მიერ - ანტონ პირველის რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ (1764 წ.).

1761 წელს, სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, ანტონ ოტიას ძეს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნიდან მოყოლებული პოლიტიკური მოსაზრების გამო სამეგრელოს მთავრები ცაგერლობას, ისევე როგორც ჭყონდიდლობას, დადიან-ჩიქოვანნი თავის სახლიკაცს აძლევდნენ. 1765 წელს ანტონ ცაგერელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია. 1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგერელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.

სრულყოფილი და ახოვანი შეხედულების, სასიამოვნოდ მოსაუბრე მღვდელმთავარი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. პირუთვნელი და მამხილებელი, მოსიყვარულე და მზრუნველი მიტროპოლიტის ქადაგებებს უამრავი ხალხი ესწრებოდა. ანტონმა მალე გაითქვა სახელი, როგორც მჭევრმეტყველმა, დიდებულმა მქადაგებელმა და წმიდა წერილის კარგმა მცოდნემ.

XVIII საუკუნეში დასავლეთ საქართველოს საშინელი სენი მოედო – ადგილობრივ დიდებულთა შორის ზოგიერთებმა ხელი მიჰყვეს ყმათა ყიდვა-გაყიდვის ბოროტ საქმეს. სოხუმის, ანაკლიის, ყულევის ნავსადგურები აივსო სამუდამო ტყვეობისთვის განწირული ადამიანებით. ანტონ ჭყონდიდელი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტებას. 1792-1794 წლებში მეუფე ანტონის ინიციატივით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა მათ, ვინც ტყვეებით ვაჭრობაში იქნებოდა შემჩნეული. საკუთარი სისხლისა და ხორცის გამყიდველი თავადების სოფლებში ეკლესიები დაიხურა, მათ ოჯახებში აიკრძალა ყველა სახის მღვდელმოქმედება, გარდა ნათლობისა. ანტონის მიერ გატარებული ზომებმა შედეგი გამოიღო: დანაშაულში მხილებულნი ითხოვდნენ შენდობას, იხდიდნენ საკანონოს, აბრუნებდნენ გაყიდულ ტყვეებს.

1788 წელს გარდაიცვალა სამეგრელოს მთავარი კაცია დადიანი. სამთავროს ტახტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი გრიგოლი დასვეს. უკეთურმა ადამიანებმა ისარგებლეს მთავრის სიყრმით და მრავალი განსაცდელი დაატეხეს თავს სამთავროს. ამას დაემატა იმერეთის მეფეების სურვილი სამეგრელოს დამორჩილებისა. ანტონ ჭყონდიდელი ვერ შეეგუა სამთავროს კარის ინტრიგებსა და უწესრიგობას; 1789 წელს ანტონმა დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უარი თქვა მღვდელმთავრის პატივზე და მის მიერვე აშენებულ ნახარებაოს მონასტერში შეუდგა ცხოვრებას. გარდაცვალებამდე ანტონი მკაცრი მონაზვნურ ღვაწლში ცხოვრობდა ნახარებაოს მონასტერში. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმინდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდლობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისაგან, მარტვილის ეკლესიას, ნახარებაოსა და საირმის მონასტრებს დაუბრუნა დაკარგული მამულები.

მიტროპოლიტი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს და დაკრძალულია მის მიერ აშენებულ ნახარებაოს მონასტერში. ნიშანდობლივია, რომ მონასტრის კედელზე განთავსებულია ეპიტაფია, რომელიც კარგად ასახავს ამ დიდი მოღვაწის მსოფლმხედველობრივ კრედოს და გამოყოფს მთავარი ქრისტიანული სათნოებების (სასოება, სინანული, მოწყალება) როლსა და მნიშვნელობას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებულია წმიდანად და საქართველოს საეკლესიო კალენდარში მოხსენიებულია ვითარცა ღირსი ანტონი - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი; ღირსი ანტონის დღესასწაული აღინიშნება ყოველწლიურად 13 ოქტომბერს (ახ. სტილით 26 ოქტომბერს).

2 -შემოქმედება

ანტონ ჭყონდიდელმა საკმაოდ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მისი ქადაგებების ტექსტები დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, ქუთაისის მუზეუმსა და ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში.

1898 წელს ანტონ ჭყონდიდელის ბიოგრაფმა და მკვლევარმა, თედო ჟორდანიამ ყოვლადსამღვდელო იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონის საფასით ქუთაისში გამოსცა „ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი“. ამ წიგნის წინასიტყვაობაში თედო ჟორდანია მიუთითებს, რომ ეს კრებული შეადგინა 3 ხელნაწერის მიხედვით: (1). 1852 წლის ხელნაწერი გრიგოლ დადიანისა, (2). ნატალია ნიჟარაძის ხელნაწერი, გადანუსხული 1846 წელს, (3). თავად თ. ჟორდანიას მიერ გადაწერილი ხელნაწერი. ამ ნუსხათა შეჯერებით გამოიცა ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებათა კრებული, რომელიც 34 თავისაგან შედგება და წარმოადგენს საწელიწადო ქადაგებების კრებულს. მკვლევარი იქვე მიუთითებს, რომ მას უნახავს ანტონისეული დიდმარხვის დღეების ქადაგებები, რომლის გამოცემასაც აპირებდა იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონის დახმარებით, მაგრამ სურვილი ვერ განუხორციელებია.

ანტონი ასევე დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობითაც. მის კალამს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტექსტების თარგმანები და წინათქმები, მათ შორის, ანტონ კოვიდის „დიდი დიალექტიკის“ ქართული თარგმანი, რომელიც მან ფილიპე ყაითმაზაშვილთან ერთად შეასრულა.

თედო ჟორდანია დიდ შეფასებას აძლევს ანტონ ჭყონდიდელის შემოქმედებას: „...არა ძეგლი არ შეედრება იმ დაუჭკნობელ ძეგლს, რომელიც თვით ანტონმა აღუგო თვის სახელს; ეს ძეგლი არის თვით მისნი ქადაგებანი, რომლითაც მან უკვდავჰყო თვისა სახსენებელი ქართულ მწერლობაში“.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებები კარგად წარმოაჩენს მათი ავტორის განსწავლულობას ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში; მან ზედმიწევნით და სიღრმისეულად იცის წმიდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, მოციქულთა ეპისტოლური მემკვიდრეობა; წმიდა წერილის განმარტებისათვის იგი ხშირად მიმართავს ეკლესიის მამათა სწავლებებს და მათი გამონათქვამებით ასაბუთებს თავის მოსაზრებებს; მოაქვს ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, იოანე სინელის, ანდრია კრეტელის, თეოდორიტე კვირელის, თეოდორე სტუდიელის, ნეტარი ავგუსტინეს და სხვათა სიტყვები; ასევე ციტირებს იოანე დამასკელს, სვიმონ ჯულფელს, ალბერტ დიდს („ალფერდს“), იერონიმე ფილოსოფოსს (ნეტარი იერონიმე), რაც ნათლად მეტყველებს ანტონ ჭყონდიდელის ღრმა და ფართო ფილოსოფიურ განსწავლულობაზე. გარდა ამისა, ანტონი იყო მჭევრმეტყველი, რიტორი და ჭეშმარიტი მოძღვარი, რომელიც პირველივე სიტყვებიდან იპყრობდა მსმენელის (მკითხველის) ყურსა და გონებას; იგი გზადაგზა სვამს კითხვას და მსმენელთან ერთად სცემს პასუხს, მრავალმხრივ განიხილავს დასმულ საკითხს, თითქოს განრიდების საშუალებას არ გაძლევს, შენს სულში იხედება და სულ უფრო მეტად გიპყრობს მისი სიტყვა, გამხელს და მამისეული წიაღისკენ მოგიწოდებს, დასაბრუნებელ გზას გიჩვენებს; ანტონის ყოველი ქადაგება ეხება ერთ კონკრეტულ საკითხს და მთელი სისრულით განიხილავს მას; მისი ქადაგებების თემებია: „აღსარებისთვის“, „მეცნიერებისა წვრთისათვის“, „სიძვისათვის“, „მარხვისათვის“, „სოფლის ამაოებისათვის“, „ცოდვისაგან მოქცევისათვის“, „მკვდართა აღდგომისათვის“, „არა-წმიდის გზასა ზედა უსვლელობისათვის“, „მზაკვარებისათვის“, „გულისწყრომისათვის“, „შურისათვის“, „ამპარტავნებისათვის“, „განსაცდელთა მოთმინებისათვის“, „სიყვარულისათვის“, „მოწყალებისათვის“, განმკითხველობისათვის“, „მღვდელობისთვის“, „მონაზონებისათვის“, „ნაყროვანებისათვის“, „ვერცხლისმოყვარებისათვის“, „ცუდათ მეტყველებისათვის“, „შეცოდებათა მიტევებისათვის“, „სინანულისათვის“, „სასო-წარკვეთილებისათვის“, „ლოცვისათვის“, „ქრისტეანობისათვის“, „უღირსებით ზიარებისათვის“, „ანგარებისათვის“, „მცონარებისათვის“, „მორჩილებისათვის“ და სხვა. ანტონის ქადაგებები უმეტესად ზნეობრივი ხასიათისაა, თუმცა მისთვის არც სოციალური ყოფის საკითხები ყოფილა უცხო. იგი ილაშქრებდა კუთხური კარჩაკეტილობისა და მავნე ადათ-წესების წინააღმდეგ, გმობდა უმეცრებას, გაუტანლობას, ძალადობას და უსამართლობას. ანტონ ჭყონდიდელი ეკუთვნოდა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ერთიანი საქართველოს იდეით იყო განმსჭვალული. იგი შემართებით იბრძოდა ვიწრო კუთხური ინტერესების, ფეოდალური აშლილობის წინააღმდეგ და თავის თხზულებებშიც არაერთხელ შეხებია ამ მეტად მტკივნეულ სოციალურ საკითხს.

ანტონ ჭყონდიდელი იყო „საფილოსოფოსო და საღვთისმეტყველო სწავლასა შინა გამოცდილი“ (იოანე ბატონიშვილი), განთქმული მქადაგებელი. მისი, როგორც მქადაგებლისა და მასწავლებლის, მოძღვრისა და პიროვნების მთელს სიღრმეს რომ ჩავწვდეთ, საჭიროა მისი ქადაგებების კონტექსტუალური შესწავლა და ანალიზი ახალი დროის ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების ჭრილში.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი. ყოვლად-სამღვდელოს იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონის გამოცემა, ქუთაისი: „სტამბა მეურნის რედ (ილია მ. ჭყონიასი)“, 1898 წ.

[ანტონ ჭყონდიდელი]: წიგნი ჭეშმარიტისა ღვთისმეტყველებისა - ქუთ. სახ. მუზ. N 95 ანტონ ჭყონდიდელი, 1775 წ. 4/07.

ბარამიძე, რ.: ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელის ჰომილეტიკური მემკვიდრეობა, ჟურნალში: „მაცნე“. ენისა და ლიტერატურის სერია, #4 (თბილისი, 1978 წ.), გვ. 172-174.

ბუკია, მ.: ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული ღირსი ანტონ ჭყონდიდელის დიდმარხვის ქადაგებები, იხ.: „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი“, # 3-4 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 17-32.

თაყაიშვილი, ე.: არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფილისი, 1914 წ.

იოანე ბატონიშვილი: კალმასობა, ტ. II, კ. კეკელიძისა და ალ. ბარამიძის რედაქციით, თბილისი: „სახელგამი“, 1948 წ.

კანდელაკი, ნ.: ქართული მჭევრმეტყველება, თბილისი: „ხელოვნება“, 1975 წ.

კეკელიძე კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ.

მელიქიშვილი, ნ.: მიტროპოლიტი ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი, წიგნში: ნ. მელიქიშვილი, ბიბლიოლოგია (ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები), თბილისი: „აღმსარებელი“, 2012 წ., გვ. 538-543.

სარია, გ.: წმიდა ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებათა საღვთისმეტყველო ანალიზი, თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ.