2021-05-12 მამია სურმავა

კაციტაძე კახაბერ

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

კახაბერ კაციტაძე 1959 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში დაიბადა. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, 1976 წელს, იგი, მისი ფილოსოფიის მიმართ დიდი ინტერესის მიუხედავად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი ეს გადაწყვეტილება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ფილოსოფიის ფაკულტეტი, როგორც იდეოლოგიური მნიშვნელობის მქონე, აბიტურიენტთაგან ჩასაბარებლად ორწლიან შრომით სტაჟს ითხოვდა. 1978 წელს იგი მაინც ისრულებს საწადელს და შიდა მობილობის წესით თსუ-ს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება.

ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით გასრულების შემდეგ, 1982-1985 წლებში, მან სწავლა აქვე, თსუ-ს ასპირანტურაში (ფილოსოფიის ისტორიის განხრით) გააგრძელა. 1985 წელს სპეციალური საბჭოს წინაშე მან წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „ი. ბ. შადის ადგილი XIX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიაში“, რის საფუძველზეც მას ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 1996 წელს მან ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა (მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო - „სუბიექტის აქტივობის პრობლემა XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში“).

1986-1992 წწ. კ. კაციტაძე სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში. პარალელურად მან მუშაობა დაიწყო თსუ-ში, სადაც 1987-1992 წწ. - ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ასისტენტი, 1988-1993 წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით), ხოლო შემდეგ - ჯერ დოცენტი (1993-2006 წწ.), 2006 წლიდან გარდაცვალებამდე კი სრული პროფესორი გახლდათ. 2007-2009 წწ. იგი ითავსებდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობასაც.

1996 წ. კ. კაციტაძე, როგორც გოეთეს საზოგადოების სტიპენდიანტი, სამეცნიერო ვიზიტით ქ. ვაიმარში იმყოფებოდა. 1997-1999 წლებში იგი ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოყოფილ პრეზიდენტის სტიპენდიას იღებდა. 2000-2001 წლებში მან სპეციალური სასწავლო-პრაქტიკული კურსები გაიარა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრში (გფრ), ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის ადმინისტრაციულ სკოლასა (აშშ) და საერთაშორისო ინსტიტუტ „პისტარუტში“ (ისრაელი).

2000-2004 წწ. იგი გენერალური შტაბის სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზეა, 2004-2005 წლებში კი (სამეცნიერო დარგში) თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. იგი ატარებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდებას. ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ძველ ბერძნულ ენებს.

კახა კაციტაძე გარდაიცვალა 2012 წლის 30 იანვარს. მისი სახელი მინიჭებული აქვს ქ. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

2 -შემოქმედება

კ. კაციტაძის ფილოსოფიური შემოქმედება, მისი პუბლიკაციებიდან გამომდინარე, სამ ეტაპად იყოფა. ესენია: 1) ადრეული პერიოდი, რომელიც გერმანული კლასიკური იდეალიზმის გავლენით არის აღბეჭდილი და, ძირითადად, 80-იან წლებში შესრულებული ნაშრომებისგან შედგება; 2) გარდამავალი პერიოდი (1990-1991 წწ.), როცა მის პუბლიკაციებში პირველი პერიოდისათვის ნიშანდობლივი თემების პარალელურად ჩნდება ჰაიდეგერთან დაკავშირებული თემებიც; 3) გვიანდელი (ე.წ. „ჰაიდეგერიანული“) პერიოდი (1992-2012 წწ.), რომლის ფარგლებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში მკაფიოდ ჩანს ჰაიდეგერის იდეების გავლენისა და შესაბამისი მიდგომის რეალიზების კვალი.

ჩვენ მხედველობაში ვიღებთ კ. კაციტაძის ფილოსოფიური შემოქმედების ამ დინამიკას, მაგრამ მისი შეხედულებების შემჭიდროებულ ფორმატში უფრო მოხერხებულად დახასიათების მიზნით, ქვემოთ, უპირატესობა მივანიჭეთ მისი შემოქმედების თემატური რუბრიკებით გადმოცემას.

ა) ფილოსოფიის ისტორიული კვლევები

დასავლური ფილოსოფიის შესახებ. კ. კაციტაძის ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში დიდი ყურადღება ეთმობა ფილოსოფიის ისტორიული განვითარების ცალკეული ასპექტებისა და შედეგების, სხვადასხვა ეპოქის ფილოსოფოსთა ნააზრევის კვლევას. ამ ხასიათის ნაშრომთა შორის „სუბიექტის აქტივობის პრობლემა XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში“ თავისი მოცულობით, ქრონოლოგიური მოცვის მასშტაბით, სისტემურობითა და თეორიული შედეგებით ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია. ის, ავტორის დახასიათებით, „წმინდა“ ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას ეხება, რომელზეც პასუხის გაუცემლად არა მხოლოდ ახალი დროის ფილოსოფიის სპეციფიკის გარკვევა, არამედ თანამედროვე ფილოსოფიის წინაშე მდგარი რიგი ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და აქსიოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაც შეუძლებელია.

ნაშრომი კვლევის ობიექტს ონტოლოგისტური პარადიგმის თვალთახედვით განიხილავს, რაშიც ნათლად ჩანს მ. ჰაიდეგერის იდეების გავლენა. ამგვარი მიდგომა, კ. კაციტაძის აზრით, საშუალებას იძლევა სიღრმისეულად და ზუსტად იქნას მოხელთებული XVII-XVIII საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის ბუნება, რადგან რაციონალიზმ-ემპირიზმის დიხოტომიაცა და ახალი დროის ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი სხვა ინტელექტუალური რეალიებიც თავიანთ საფუძვლად არსებულის არსებულად წარმოდგენის, განხილვისა და გააზრების განსხვავებულ პარადიგმებს გულისხმობს.

კვლევაში ყურადღება მახვილდება მასზედ, თუ როგორ იქცა სუბიექტის აქტივობის პრინციპი ახალი დროის მსოფლმხედველობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად, როგორ მოხდა სუბიქტის აქტივობის შემადგენელი კომპონენტების დადგენა-გააზრება და როგორ დამკვიდრდა სუბიექტის, როგორც არსებულის ყოფიერების საზომის საკუთარი თავიდან დამდგენის გაგება.

კ. კაციტაძის მიხედვით, თუ სამყაროსადმი ანტიკური და შუა საუკუნეობრივი მიდგომა სამყაროს იაზრებს როგორც იერარქიულ მთელს, სადაც ყოველ არსებულს ის ადგილი უჭირავს, რომელიც შინაგანი ბუნების (ყოფიერებითი განსაზღვრულობის) თანახმად ეკუთვნის; თუ შეკითხვის წესს თავად არსებულნი განსაზღვრავენ, მათი შინაგანი ბუნებიდან და თავისი თავის დაუფარავი ჩვენებიდან გამომდინარე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ დასვამს მკვლევარი კითხვას მათ შესახებ, ისევე როგორც არსებითი არ არის, რაც სუბიექტს წინასწარ დაუდგენია ექსპერიმენტსა და დაკვირვებაში შემომხვედრი ნივთების შესახებ, რადგან სუბიექტი არ არის საგანთა საზომის დამდგენი; ახალმა დრომ, ანტიკურობისა და შუა საუკუნეების საპირისპიროდ, ღია, უსაზღვრო და უსასრულო კოსმოსის იდეა დაამკვიდრა, იმ სამყაროს იდეა, რომლის ყველა ნივთი ყოფიერების ერთსა და იმავე დონეს განეკუთვნება. არსებულის განხილვის ამ ახლებური წესიდან გამომდინარე, არსებული უპირატესად გაიგება როგორც მექანიზმი, რომლის ფუნქციონირებას მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. ამასთან, სამყაროს განხილვის ეს მექანიცისტური წესი არათუ არ ეწინააღმდეგება სუბიექტის აქტივობის პრინციპს, არამედ, პირიქით, თავის საფუძვლად მოითხოვს მას, რადგან არსებულის განხილვის წესი თავად არსებულიდან კი არ აიღება, არამედ სუბიექტის მიერ დგინდება აპრიორულად.

კ. კაციტაძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ ახალი დროის ფილოსოფიაში სუბიექტი აღარ არის უბრალოდ სუბსტანცია, რომელსაც აქციდენცია მიეწერება, არამედ დეკარტედან მოყოლებული, მას „მე“-ს ბუნება უჩნდება. შესაბამისად ზუსტდება სუბიექტის აქტივობის პრინციპიც. კერძოდ, არსებულის ყოფიერების საზომად წარმოდგენილად ყოფნა მიიჩნევა, ანუ რაც იგივეა, არსებულის საზომად წარმოდგენაში მოცემულობა იქცევა.

ქართული ფილოსოფიური აზრის შესახებ თემატიკა. კ. კაციტაძემ რამდენიმე საყურადღებო ნაშრომი მიუძღვნა XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოაზროვნის, სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებების კვლევას. 1985 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში „სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის“ იგი ყურადღებას უთმობს დოდაშვილის ფილოსოფიური ხედვის ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირებას. ამოდის რა იქიდან, რომ ყოფიერებისა და ცნობიერების მიმართების საკითხი ფილოსოფიური მრწამსისათვის განმსაზღვრელია, კ. კაციტაძე არ იზიარებს დოდაშვილის მატერიალისტობის შესახებ საბჭოთა ფილოსოფიის ისტორიაში გავრცელებულ მოსაზრებას. მას გაუმართლებლად მიაჩნია ამგვარი ინტერპრეტაციის სასარგებლოდ იმაზე აპელირება, რომ: 1) დოდაშვილი უარყოფითად აფასებდა სქოლასტიკას, 2) პოზიტიურ შეფასებას აძლევდა ჯ. ლოკს, პ. გასენდისა და ფრ. ბეკონს და 3) ცნობიერებისაგან დამოუკიდებელ სინამდვილეს აღიარებდა. კ. კაციტაძის მიხედვით, სქოლასტიკის უარყოფითი შეფასება არაფერს მეტყველებს შემფასებლის მსოფლმხედველობრივ პოზიციაზე, რადგან სქოლასტიკას ასე აფასებდნენ როგორც მატერიალისტები, ისე იდეალისტები. ასევე სუსტად წარმოუდგება მას მეორე არგუმენტიც. სავარაუდოდ, ამიტომ არ მიმართავს იგი მისი მცდარობის დემონსტრირებისათვის ღრმა და დეტალურ ანალიზს. ნაცვლად ამისა, სტატიაში უბრალოდ მითითებულია, რომ დოდაშვილი დადებით შეფასებას აძლევდა იდეალისტ ფილოსოფოსებსაც, ხოლო გასენდისა და ლოკს უარყოფითადაც აფასებდა. ლაკონური, მაგრამ ზუსტია მესამე არგუმენტის კრიტიკაც. კ. კაციტაძის თანახმად, ჯერ ერთი, ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი ბუნების არსებობას იდეალისტი შელინგიც აღიარებდა და, გარდა ამისა, დოდაშვილი არათუ არსად ამტკიცებდა, რომ გრძნობადი საგნების სიმრავლე ერთადერთი რეალობაა „და არავითარი გონით სულიერი არ არსებობს ადამიანის ცნობიერების გარდა“, არამედ, პირიქით, ხაზს უსვამდა მატერიალურთან მიმართებაში სულიერის პირველადობას.

გერმანულ კლასიკურ იდეალიზმთან დოდაშვილის მიმართების საკითხი განხილულია კ. კაციტაძის ნაშრომში „ი. კანტისა და ი.ბ. შადის შრომების გავლენა ს. დოდაშვილის მსოფლმხედველობის ფორმირებაზე“, რომლის ორიგინალური ვერსიაც გერმანულ ენაზეა დაწერილი. მასში ავტორი მხედველობაში იღებს დოდაშვილის კანტიანელობის შესახებ XIX საუკუნის მეცნიერთა შორის გავრცელებულ თვალსაზრისს, მაგრამ თვლის, რომ ეს უკანასკნელი ერთობ ზოგადია და ქართველ მოაზროვნეზე კანტის გავლენის კონკრეტული ასპექტები და საზღვრები დასაკონკრეტებელია. ამის პარალელურად იგი მხედველობაში იღებს შ. ნუცუბიძის მიერ სოლომონ დოდაშვილსა და ფიხტეანელ გერმანელ ფილოსოფოსს, იოჰან ბაპტისტ შადს შორის დადგენილ პარალელებსაც, რაზე დაყრდნობითაც მიზნად ისახავს, „ახალი თვალსაზრისით“ აჩვენოს, რა მასშტაბის გავლენა ჰქონდა დოდაშვილის ლოგიკურ თხზულებაზე შადის (ლათინურ ენაზე დაწერილ) „ლოგიკას“.

კ. კაციტაძე სკრუპულოზურად ადარებს ერთმანეთს, ერთი მხრივ, დოდაშვილის „ლოგიკას“, ასევე, „ლოგიკის მეთოდოლოგიას“ და, მეორე მხრივ, კანტის ლოგიკურ თხზულებას. აღნიშნულ ტექსტებზე დაყრდნობით კომპარატივისტული ანალიზის საგანი ხდება ქართველი და გერმანელი ფილოსოფოსების დებულებები, რომლებიც გაგებას, აზროვნებას, შემეცნებას, ლოგიკის არსსა და სხვა მსგავს საკითხებს შეეხება. მკაფიო პარალელების საფუძველზე, რასაც კვლევა კანტსა და დოდაშვილს შორის ავლენს, კ. კაციტაძე ეთანხმება ზაქარია ჭიჭინაძის მიერ 1837 წელს გამოთქმულ მოსაზრებას ს. დოდაშვილის მიერ გერმანული ენის ფლობისა და კანტის ფილოსოფიის ორიგინალში ცოდნის შესახებ. მეტიც, სტატიაში განხორციელებული კვლევა მყარ საბუთს აძლევს დოდაშვილზე კანტის ფილოსოფიის, მათ შორის, მისი „ლოგიკის“ გავლენის თაობაზე მტკიცებას. ამისდა მიუხედავად, კ. კაციტაძეს არამართებულად ეჩვენება მკვლევართა ნაწილის მოსაზრება, რომ „XIX საუკუნის ქართული კულტურის უგამოჩენილესი მოღვაწე“ კანტიანელს წარმოადგენს. მისი აზრით, ამგვარ მტკიცებას რადიკალურად უარყოფს ის ფაქტი, რომ როცა დოდაშვილი, ერთი მხრივ, გაგების და გონების, ხოლო, მეორე მხრივ, მათი შესატყვისი მოვლენების და თავისთავადი ნივთების ერთმანეთისაგან განსხვავებისას აცხადებს, რომ გონების საგანი არის იდეალური, პრინციპულად შორდება კანტს, რომელიც თვლიდა, რომ თავისთავადი ნივთის შესახებ შეუძლებელია იმის თქმა, იდეალურია ის თუ მატერიალური. კ. კაციტაძის თანახმად, ქართველი ფილოსოფოსი, რომელიც უარყოფს თავისთავადი ნივთის შეუმეცნებადობას და აცხადებს, რომ რაც გაგებისთვის შეუმეცნებელია, გონებისთვის არის შემეცნებადი, შეუძლებელია კანტის ორთოდოქს მიმდევრად იქნას იდენტიფიცირებული.

შადის „ლოგიკასთან“ დოდაშვილის „ლოგიკის“ შედარება კ. კაციტაძეს მათ შორის მსგავსებასთან ერთად განსხვავების გამოვლენის საშუალებასაც აძლევს. როგორც იგი აღნიშნავს, დოდაშვილი შადის მსგავსად იაზრებს გაგებისა და გონების არსს, მათ საზღვრებს, ცნებისა და იდეის ბუნებას, კატეგორიების დედუქციის საკითხს, აგრეთვე ლოგიკის და მეტაფიზიკის მიმართებას. თუმცა, ზოგიერთ პრინციპულ საკითხში სხვა მიდგომას ავითარებს. მაგალითად, იგი დროსა და სივრცეს არა იდეებად (როგორც ეს არის შადთან), არამედ წარმოდგენის მუდმივ ფორმებად მიიჩნევს. დოდაშვილი არც კატეგორიების სფეროდან მოდალობის გატანის აუცილებლობაში ეთანხმება გერმანელ მოაზროვნეს. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით კ. კაციტაძე ასკვნის, რომ როგორც კანტთან, ისე შადთან მიმართებით დოდაშვილი წარმოდგება კრიტიკულ მოაზროვნედ, რომელიც ნებისმიერი ავტორიტეტის მიმართ დამოუკიდებელი პოზიციის დაკავების უნარს იჩენს.

ბ) მუნყოფიერება, ხელება და ყოფიერება

„ყოფიერება და ხელება“ (2013 წ.) კ. კაციტაძის ფილოსოფიურ ნაშრომთა შორის გამორჩეული ტექსტია, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. მართალია, მასში გაანალიზებული და გათვალისწინებულია დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის ესა თუ ის იდეა, ენისადმი ლუდვიგ ვიტგენშტაინის გვიანი პერიოდის მიდგომა, ნიკო მარის ზოგიერთი ლინგვისტური შეხედულება, ერიხ მარია რილკეს როდენის შესახებ მოსაზრებები, ასევე, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგი“, მაგრამ ის არც ჰაიდეგერის ფილოსოფიის, არც ვიტგენშტაინის ენობრივი თამაშების თეორიის, არც რილკესა და ქარჩხაძის შემოქმედების, არც მათ შორის მიმართების კვლევას არ ეძღვნება. ყველა ეს ელემენტი, საბოლოო ჯამში, უბრალოდ ფაქტურა, მასალაა მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც ხელის, ენისა და ყოფიერების ანალიზში მდგომარეობს. ავტორი მხოლოდ საკითხის დაყენების, მისი გადაწყვეტის კონცეპტუალური კარკასის ორგანიზების მხრივ ეყრდნობა „ხელობით“ მცხოვრები, „ხელებით“ შეპყრობილი მოაზროვნეების - ჰაიდეგერის, მარისა და ვიტგენშტაინის - შეხედულებათ.

კ. კაციტაძის თანახმად, ენა, ხელი, მუნყოფიერება (Dasein-ი) და ყოფიერება „უღრმესად ურთიერთმიკუთვნებულია“. ისინი „ორგანულად ერწყმიან“ ერთმანეთს. კერძოდ, ისე როგორც მეტყველება არის ადგილი, სადაც გაიხსნება ყოფიერება Dasein-ის მიერ ყოფიერების მეტყველ-გამომთქმელ აქტში, სწორედ ასევე იხსნება ყოფიერება ხელ-ყოფნად არსებულის ექსისტირებაში. შესაბამისად, ხელ-ყოფნა გახსნილობის ხდომის ისეთივე ნაირსახეობას წარმოადგენს, როგორც - ენად ყოფნა: ხელი ხსნის, ხელში ყოფიერება იხსნება და აიხსნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელი Dasein-ის არსობრივი ელემენტია, უფრო კორექტულია იმის თქმა, რომ გახსნა იხსნება ხელში.

კ. კაციტაძე ცდილობს დააზუსტოს, რა აზრით ხდომობს ადამიანის მუნყოფიერება ისევე ტოლპირველადად ხელში, როგორც ეს ენაში (და ენით) ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით იგი ხაზს უსვამს, რომ ხელ-ქონა Dasein-თან უცილობელ კავშირშია. ეს უკანასნელი იგივეა, რაც ხელ-მქონე-ექსისტენცის ყოფიერება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელ-ქონა, დასაბამისეული მნიშვნელობით, „ამ არსებულის“ (ხელ-მქონე-ექსისტენცის) ყოფიერებისადმი გახსნილობისა და თავისი თავიდან გასვლის ონტოლოგიური წინაპირობაა. ეს მკაფიოდ გამოსჭვივის არა მხოლოდ სინქრონული განზომილებიდან, არამედ დიაქრონიულიდანაც. კერძოდ, იმ ფაქტიდან, რომ სპეციფიკური სემიოტიკური უნარის მქონე ხელს უკავშირდება (ისტორიულად) ბგერითი ენის წინმსწრები ლინეარულ-კინეტიკური ენა - ხელმეტყველება, სადაც იმ სტრუქტურის ხდომა ხორციელდება, გახსნილობა რომ ეწოდება.

გ) ხელოვნების ფილოსოფიის პრობლემატიკა

კ. კაციტაძე თავის კვლევებში დიდ ყურადღებას უთმობს ხელოვნების ფილოსოფიას. შესაბამისი თემატიკის შრომებში ავტორი უარს ამბობს კლასიკურ ესთეტიკასა და მის კონცეპტუალურ აპარატზე და როგორც ალტერნატივას, ექსისტენციალურ-ონტოლოგიურ ანალიზს მიმართავს. ამ მხრივ ტიპურია ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მისი სტატია „ყოფიერება და ნდობა“. მის პირველ ნაწილში, რომელსაც მეთოდოლოგიური რეფლექსიის ხასიათი აქვს, კ. კაციტაძე შეუძლებლად მიიჩნევს ფიროსმანის მხატვრობის აღსაწერად შელინგ-ჰეგელის წრეში ჩამოყალიბებულ კლასიკურ ესთეტიკურ კონცეფციასა და ენაზე დამყარებას. როგორც იგი აღნიშნავს, ხელოვნების, როგორც იდეის გრძნობადი ფორმით მოვლინების, გაგება და სუბიექტ-ობიექტის ცნებებზე დამყარებული კონცეპტუალური აპარატი, რომელიც ხელოვნების აღნიშნული გაგებისათვის ორგანულად დამახასიათებელია, ფიროსმანის მხატვრობის აღსაწერად უვარგისია. ნაცვლად ამისა, ავტორი ხელოვნების ონტოლოგისტურ გაგებას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც ხელოვნებაში ყოფიერების ვლენა, ჩენა ხდება.

ექსისტენციალურ-ონტოლოგიურ მიდგომას ემყარება კ. კაციტაძის კიდევ ერთი გამოკვლევა „მასწავლის ტანჯვა: გურამიშვილის შემოქმედების ჰერმენევტიკული ჰორიზონტისათვის“ (1992 წ.). ის გურამიშვილის ენის არსებითი სიტყვების („სწავლა“, „მოსწავლე“ („ყრმა“), „წვრთნა“, „სახმარი“, „საქმე“) საწყისეულ მნიშვნელობათა იმ ჰერმენევტიკული ველის გახსნას ახდენს, რომელშიც ტრიალებს დიდი ქართველი შემოქმედის პოეზია, რადგან ავტორი თვლის, რომ აქედან უკეთ წარმოჩინდება, რისი თქმა სურდა გურამიშვილს. ჰერმენევტიკული ჰორიზონტისა და წრის ექსპლიცირებისათვის კ. კაციტაძე „სწავლას“ და „წვრთნას“ - mathesis-იდან და paidea-დან, ხოლო „სახმარს“ და „საქმეს“ cheria-დან და praxis-დან იგებს. ამის საშუალებით იგი ადგენს, რომ „სწავლებით წურთნილება“ გურამიშვილთან ადამიანის მთელი არსის გარდაქმნას გულისხმობს. ის მოსწავლეს (ყრმას) მის ჭეშმარიტ ბუნებას უცხადებს და ამ ბუნების თანახმად ცხოვრებას, საკუთარ არსთან შესაბამისობაში ყოფნას აჩვევს. სხვაგვარად, „სწავლა მოსწავლეთა“ ყრმის იმგვარად გაწვრთნის პროცესზე საუბრობს, რომლის დროსაც მოსწავლე შეისწავლის, რა მოქმედებაა საჭირო, რათა იგი ადამიანი იყოს. შესაბამისად, მისი აზრით, სწავლებაში განსწავლული კაცი ისაა, ვინც იცის, ადამიანის არსიდან გამომდინარე როგორ იმოქმედოს. კ. კაციტაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გურამიშვილთან ადამიანად ყოფნის სწავლა ადამიანური ყოფიერების არსებული სახეების წვდომას გულისხმობს, რისი გათვალისწინებითაც „დავითიანი“ მოსწავლეს „ადამიანური ყოფიერების“ ათ სახეს სთავაზობს. ესენია: მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, მხვნელი, მოლაშქრე, ვაჭარი, ხუცესი, ოსტატი და ბრძენ-მსიტყველი (ადამიანი-მეომარი ანუ მოლაშქრე, როგორც ადამიანური გახსნილობის ფორმა, „Homo militaris“-შიც ფიგურირებს). მათი შეთავაზებით, როგორც „მასწავლის ტანჯვაში“ არის აღნიშნული, გურამიშვილი იმ ჰორიზონტს ხსნის, რომელშიც ადამიანი თავისი ყოფიერების კონკრეტული სახის შესატყვისად სუფევს და ისე იქცევა, როგორც ადამიანს შეშვენის.

3 -რეცეფცია

კახაბერ კაციტაძე ჯერჯერობით მცირედ არის რეციპირებული. მის შესახებ არსებობს მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებიც რ. ჩხეიძეს, ზ. კიკნაძეს, ზ. შათირიშვილსა და კ. ჯამბურიას ეკუთვნით. აღსანიშნავია იმავე რიგის კიდევ ორი ფაქტი: დ. ანდრიაძის წერილი, რომელიც „ყოფიერებასა და ხელებას“ შესავლად აქვს წამძღვარებული და დ. თევზაძის „რედაქტორის წინასიტყვაობა“, რომელიც ერთვის კ. კაციტაძის (სიკვდილის შემდეგ) გამოცემულ წიგნს „სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის“.

რეციპირების ასეთი სიმწირე კ. კაციტაძის მდიდარი ინტელექტუალური მემკვიდრეობის ფონზე შეუსაბამოდ გამოიყურება. მკვლევართა ყურადღებას იმსახურებს მის მიერ ქართული ფილოსოფიური აზრის კვლევის არაერთი შედეგი, განსაკუთრებით ისინი, რომელნიც დოდაშვილის მოძღვრებისა და ქართული რომანტიზმის მსოფლმხედველობრივ „შიგთავსსა“ და ფილოსოფიურ წყაროებს შეეხებიან. ამ საკითხების შესახებ კ. კაციტაძის მოსაზრებების შეფასება და გათვალისწინება მნიშვნელოვანია როგორც მათი თეორიული ღირებულების მიზეზით და ქართული ფილოსოფიური აზრის კვლევის სისტემატიზირებისათვის, ისე დასავლეთთან ინტერკულტურული დიალოგის კონტექსტშიც.

იგივე ასპექტებით არანაკლებ საგულისხმოა კ. კაციტაძის მიერ დასავლური ფილოსოფიის (ისტორიული) კვლევის მრავალმხრივი რეზულტატი. თუმცა, მათ შორის, თანამედროვე ფილოსოფიური აზრის მდგომარეობიდან და მის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალური ჩანს ქართველი ფილოსოფოსის გვიანდელი პერიოდის შრომები, რომლებიც ჰაიდეგერიანულ მიდგომას ავლენენ და „ონტოლოგისტურ განხილვას“ ეფუძნებიან. კიდევ უფრო კონკრეტულად, გამოსარკვევია ნაშრომს „სუბიექტის აქტივობის პრინციპი XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში“, ერთი მხრივ, ფილოსოფიის ისტორიული განვითარების ჰაიდეგერისეულ გააზრებასთან და, მეორე მხრივ, ახალი დროის ამა თუ იმ ფილოსოფოსის (მაგალითად, თ. ჰობსის, ჯ. ლოკის, დ. ჰიუმის, ი. კანტის) კვლევის ტრადიციასთან მიმართებაში რა სპეციფიკური საზრისი და თეორიული მნიშვნელობა აქვს.

და ბოლოს, რეცეფციისათვის მათი ღირებულების მხრივ, ცალკე გამოსაყოფია „ყოფიერება და ხელება“, „Homo Militaris“-ი და ის ესთეტიკური შრომები, რომლებიც მთლიანად „ჰაიდეგერიანულია“. მათი ჰუმანისტური სულისკვეთებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, პროდუქტიულობის აზრით, პერსპექტიულია კაციტაძის ინტელექტუალური მემკვიდრეობის ამ ნაწილის ფუნდამენტური ონტოლოგიისა და პოსტმოდერნის ფილოსოფიისათვის არსებითი ტენდენციების კონტექსტში შესწავლა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული „ყოფიერება და ხელების“ და „Homo Militaris“-ის დაუსრულებული ხასიათი და კვლევის ის მთლიანი, მაგრამ განუხორციელებლად დარჩენილი პროექტები, რომლებიც ორივე შრომაში ავტორის მიერ ექსპლიციტურად გაცხადებულია.

4 -მთავარი შრომები

(ა) მონოგრაფიები

• სუბიექტის აქტივობის პრობლემა XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში, თბილისი: „სამშობლო“, 1996 წ.

• გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია ევროპაში, დამხმარე სახელმძღვანელო სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტებისთვის, თბილისი: „მერიდიანი“, 2001 წ.

• სტრატეგიის საფუძვლები, თბილისი: „ცისარტყელა“, 2007 წ.

Homo Militaris, ადამიანი-მეომარი, ტომი 1, თბილისი: „თემი და საძმო“, 2011 წ.

• ყოფიერება და ხელება, თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, 2013 წ.

• სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის, თბილისი: „Carpe diem“, 2014 წ.

 

(ბ) სტატიები

• ი. ბ. შადი კანტის ფილოსოფიის შესახებ, ჟურნალში: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, #4 (თბილისი, 1984 წ.), გვ.54-66.

• კანტის და ი. შადის ნაშრომების როლი ს. დოდაშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, იხ.: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“, ტ. 10 (თბილისი, 1984 წ.), გვ. 33-43.

• ფიხტეს მეცნიერებათმოძღვრების ონტოლოგისტური ინტერპრეტაციისათვის, კრებულში: „ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური კონფერენციის მასალები“, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1984 წ.

• სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის საკითხისათვის, ჟურნალში: „ცისკარი“, #10 (თბილისი, 1985 წ.), გვ.145-150.

• ისტორიის ერთი ფურცელი: გერმანელი ფილოსოფოსის იოჰან ბაპტისტ შადის შრომების როლი მე-19 საუკუნის ქართველი ფილოსოფოსის სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, იხ.: „პარტიული სიტყვა“, #21 (თბილისი, 1985 წ.), გვ. 26-28.

• სოლომონ დოდაშვილი და გერმანული კლასიკური იდეალიზმი, კრებულში: სოლომონ დოდაშვილი. საიუბილეო კრებული მიძღვნილის ს. დოდაშვილის დაბადების 180 წლისთავისადმი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1986 წ., გვ. 171-192.

• პრაქტიკული გონება და წარმოსახვის ძალა, კრებულში: საიუბილეო სესია კანტის „პრაქტიკული გონების კრიტიკის“ 200 წლისთავის აღსანიშნავად (18-19 მარტი, 1988 წელი), რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1988 წ., გვ. 21-26.

• სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი: ს. დოდაშვილის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ შეხედულებათა გავლენა ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაზე, ჟურნალში: „ლიტერატურა და ხელოვნება“, #1 (თბილისი, 1990 წ.), გვ. 51-80.

• მ. ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო“ ქართულად, ჟურნალში: „ლიტერატურა და ხელოვნება“, #2 (თბილისი, 1990 წ.), გვ. 251-254.

• ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის სილუეტი, ჟურნალში: „ლიტერატურა და ხელოვნება“, #2 (თბილისი, 1991 წ.), გვ. 294-297.

• ჰაიდეგერი ახალი დროის ბუნებისმეცნიერულ ორიენტაციასთან კანტის მიმართების შესახებ, კრებულში: საიუბილეო სესია მარტინ ჰაიდეგერის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად (1989 წლის 26 სექტემბერი), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1991, გვ. 58-63.

• ინტელექტუალური ინტუიციის ცნება კანტთან და მითოსური მსოფლმხედველობის შელინგისეული გაგება, კრებულში: მსოფლმხედველობა, რწმენა, ადამიანის ღირსება, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1991 წ., გვ. 114-118.

• „მასწავლის ტანჯვა“: გურამიშვილის შემოქმედების ჰერმენევტიკული ჰორიზონტისათვის, ჟურნალში:ლიტერატურა და ხელოვნება“, #3-4 (თბილისი, 1992 წ.), გვ. 89-111.

არჩილ ჯორჯაძე ერის შესახებ, ჟურნალში: „კლდეკარი“, #2 (1992 წ.), გვ. 164-166.

• ნიკოლოზ ბარათაშვილი და სოლომონ დოდაშვილი, ჟურნალში: „ლიტერატურა და ხელოვნება“, #1 (თბილისი, 1993 წ.), გვ. 51-80.

• ორიოდ სიტყვა ლიბერალიზმის ისტორიასა და მის თეორიულ-ფილოსოფიურ საფუძვლებზედ, კრებულში: „ჭკუა ვაისაგან“ (ავტორთა ჯგუფი), თბილისი: „ლიცეუმი“, 1994 წ., გვ. 126-149.

• მარტინ ჰაიდეგერი თანამედროვეობის შესახებ, ჟურნალში: „აფრა“, #2 (თბილისი, 1997 წ.), გვ. 175-178.

• სოლომონ დოდაშვილის „შემოკლებული ქართული ღრამატიკა“, წიგნში: ნარკვევები ქართული ენის შესწავლის ისტორიიდან, თბილისი, 1997 წ., გვ. 24-28.

• დისკურსი მითოსში, ეპოსში, ისტორიულ ტექსტებში, „ახალი პარადიგმები“, #1 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 55-67.

• პარადიგმების თეორია და დისციპლინათშორისი კვლევები ჰუმანიტარულ სფეროში, ჟურნალში: „ახალი პარადიგმები“, #1 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 183-184.

• არისტოტელე და შუა საუკუნეების ქართული კულტურა, წიგნში: მესამე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები/საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი 3/1999, თბილისი, 1999 წ., გვ. 269-273.

• სწორი სტურლუსონის „ქვეყნიერების წრე“ და არქაული ტექსტების ტიპოლოგია, ჟურნალში: „ენა და კულტურა“, #1 (თბილისი, 2000 წ.), გვ.64-78.

• ინიციაციის ელემენტები ამირანის ეპოსში: შამანური ინციაცია „ამირანიანში“, ჟურნალში: „სჯანი“, #2 (თბილისი, 2001 წ.), გვ.182-203.

• ინიციაციის ელემენტები ამირანის ეპოსში: მეომრის ინიციაცია „ამირანიანში“, ჟურნალში: „სჯანი“, #3 (თბილისი, 2002 წ.), გვ. 159-170.

• მოგონებები მომავალზე ანუ პოსტინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია და საქართველო, კრებულში: ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები, თბილისი, 2007, გვ. 7-34.

• გარეულ ცხოველთა სამხედრო სიმბოლიკა და ქართული კულტურის ზოგიერთი სამხედრო ასპექტი, სამეცნიერო ჟურნალში: „ქართველოლოგია“, #6 (თბილისი, 2008 წ.), გვ. 3-28.

• შინაური ცხოველების სამხედრო სიმბოლიკა და ქართული კულტურის ზოგიერთი სამხედრო ასპექტი, სამეცნიერო ჟურნალში: „ქართველოლოგია“, #8 (თბილისი, 2008 წ.), გვ. 24-49.

• ჩვენი წინაპრების საომარი სტრატეგია და ტაქტიკა (ქართული პირველწყაროების მიხედვით), სამეცნიერო ჟურნალში: „ქართველოლოგია“, #9 (თბილისი, 2008 წ.), გვ. 14-54.

• ნადირობა და სახელმწიფოს დაარსება ქართულ და რუმინულ ტრადიციებში, კრებულში: საქართველო და ევროპული სამყარო - ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი, ტ. 1, თბილისი, 2009 წ., გვ. 96-101.

• ამაზასპის სტრატეგიული თავდაცვითი კამპანია: 253 წლის გაზაფხული, სამეცნიერო ჟურნალში: „ქართველოლოგია“, #5 (თბილისი, 2010 წ.), გვ.4-28.

• საქართველო - კულტურა და ისტორია, კრებულში: დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში, თბილისი: პოლიგრაფიული საწარმო „დობერა“, 2011 წ., გვ. 113-164.

• ქართული რომანტიზმის ისტორიულ-კულტურული კონტექსტი, კრებულში: ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნაციონლური საზღვრები, თბილისი: „საარი“, 2012 წ., გვ. 10-58 (კ. ჯამბურიას თანაავტორობით).

 

(გ) ინტერნეტ-სტატიები

• ნადირობის ფენომენოლოგია: http://saunje.ge/index.php?id=744&lang=ka

• რაინდი, ვაჭარი და ინტელიგენტი ქართულ კულტურაში: https://www.qwelly.com/group/sociology/forum/topics/raindi

• ოჯახიშვილობა, ანუ მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი: https://www.qwelly.com/group/sociology/forum/topics/ojaxishviloba

• სარაინდო ფათერაკთა ძიებიდან პოლიტიკურ ფათერაკთა ძიებამდე: https://www.qwelly.com/group/sociology/forum/topics/fateraki