იონა გაბრიელის ძე გედევანიშვილი დაიბადა 1737 წელს. იგი დიდგვაროვანთა ოჯახის შთამომავალი იყო; მისი წინაპრები სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ყოფილან. მამამისი, გაბრიელ გედევანიშვილი ბაგრატ VI-ის კარზე სარდლის თანამდებობაზე მსახურობდა. თვითონ იონაც კათალიკოს ანტონ პირველის კარზე იზრდებოდა და მთელი ცხოვრება სასულიერო კარიერას მიუძღვნა. კათალიკოსმა ანტონმა მას 1753 წელს, 16 წლის ასაკში, ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი. მისი კურთხევიდან მალე, დაახლოებით 1754-1756 წლებში, იონას ანტონ პირველთან ერთად რუსეთში მოუწია გადასახლება. რუსეთში იგი აქტიურად მონაწილეობდა ვლადიმირისა და იეროპოლის ეპარქიების მმართველობაში. 1763 წელს, როდესაც ანტონი საქართველოში დაბრუნდა, მას იონაც თან გამოჰყვა. იგი ჯვრის მონასტერში განწესდა, სადაც არქიმანდრიტობა მიიღო. შემდგომ, 1775 წელს, იონას რუისის ეპარქიის მღვდელმთავრად დაასხამენ ხელს. როგორც თვითონვე იუწყება, გარკვეულ პოლიტიკურ გარემოებათა გამო, 1780 წელს ერეკლე მეფეს კათედრიდან გადაუყენებია, მღვდელმოქმედება აუკრძალავს და დავით გარეჯში განუწესებია. აქედან იგი ჩუმად გადასულა იმერეთში, მაგრამ არც იქ შეუწყნარებიათ და იონაც ისევ თბილისში გადმოსულა. როგორც ცნობილია, დევნილი მიტროპოლიტი საცხოვრებლად განუწესებიათ თბილისის ქაშვეთად წოდებული გარეუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. იონა აქედანაც გაიპარა (1782 წელს) და ახალციხის ფაშას დახმარებით გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, საიდანაც დაიწყო მისი დიდი მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში. კონსტანტინეპოლში მისი გამგზავრება განპირობებული იყო მღვდელმთავრობის აღდგენის სურვილით, რომელიც იმჟამინდელი ანტიოქიის პატრიარქისაგან უნდა მიეღო და დანიშნულიყო ჯავახეთის, იგივე ახალციხის მმართველად. მართლაც, პროკოპი კონსტანტინეპოლელმა და აბრაამ იერუსალიმელმა იონას მღვდელმთავრობის პატივში აღდგენის შესახებ წერილი გაუგზავნეს ანტონ კათალიკოსსა და ერეკლე მეფეს; იონას ალექსანდრიის პატრიარქ გერასიმესა და ანტიოქიის პატრიარქისგან მიტევება მიუღია. მიუხედავად ამისა, იგი არ ბრუნდება სამშობლოში და იწყებს მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში. იონა გედევანიშვილმა დაგვიტოვა მისი მოგზაურობის დეტალური აღწერილობანი, რომელსაც ეწოდება „პუტეშესტჳე, ესე იგი მიმოსვლა ანუ მგზავრობა, ქმნილი გედეონოვ სარდალ გაბრიელის ძის იონა მიტროპოლიტისაგან“ (ეს თხზულება მოკლედ იწოდება როგორც „მოგზაურობა“). ცხოვრების ბოლო წლები იონა გედევანიშვილს მოსკოვში, ჩუდოვის მონასტერში გაუტარებია, სადაც აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო და სასულიერო წიგნების საგამომცემლო საქმიანობაში. დედოფალმა ეკატერინემ რუსეთის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის პენსიაც კი დაუნიშნა (წელიწადში 600 მანეთი, რომელიც პერიოდულად იზრდებოდა). იონა გედევანიშვილი 1821 წელს, 80 წლის ასაკში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.
იონა გედევანიშვილი თავის თხზულებაში „მოგზაურობა“ აღწერს მის მიერ ნანახი ქვეყნებისა თუ ქალაქების გეოგრაფიულ, სოციალურ, რელიგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ, არქიტექტურულ და პოლიტიკურ მახასიათებლებს. იგი ვრცლად მიმოიხილავს ნანახი ადგილების სპეციფიკას და ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოგვცემს თითოეული მათგანის შესახებ ისტორიულ ცნობებსაც. მოგზაურობის ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით, რომელიც ამა თუ იმ ფორმით არაერთგზის არის გამოცემული, დეტალურად შეგვიძლია აღვადგინოთ მისი მრავალწლიანი მოგზაურობის მარშრუტი. თავდაპირველად ეს მოგზაურობა დღიურების ფორმით არის დაწერილი; ის თბილისიდან კონსტანტინეპოლისკენ მიმავალი გზის აღწერით იწყება. აქ იონა აღწერს ყოველ სოფელსა და ქალაქს, მთასა და ბარს, მდინარეება და ზღვებს, ყველაფერს, რაც მის თვალსაწიერში მოექცა. აღსანიშნავია, რომ მისი ჩანაწერები სამცხისა და ახალციხის ტერიტორიების აღწერით იწყება, კერძოდ, თხრობით გოლის ხეობასა და ამ ხეობის მდინარეში (ქსანი) არსებული წყლის ბინადრების შესახებ, რომლებიც, თურმე, მრავლად მოიპოვებოდა იქ. ასევე, იგი საუბრობს „ყუელის ციხე-სიმაგრის“ შესახებ, რომელიც ამ ხეობის თავში ყოფილა აშენებული. მისი ნაწერებიდან ვიგებთ, რომ იონა მაისის თვეში შავშეთის მთაზე გადავლით ქალაქ არტანუჯში ჩასულა, რომელიც ამ დროისათვის მშვენიერი, ყვავილოვანი, ბალახოვანი და ზოგ ადგილებში დათოვლილიც იყო. შესაბამისად, ირკვევა, რომ იონას მოგზაურობა 1782 წლის გაზაფხულზე დაუწყია. აქედან ის ხოფისკენ გაემართა, სადაც იხილა შავ ზღვა, რომელსაც შემდეგნაირად აღწერს: „შემოფარგლული შავი ღრუბლებითა და ტყიან-კლდიანი მთებით, მუდმივი ნისლით, ჭექა-ქუხილით, სეტყვით, თრთვილითა, ქარ-ბორბალით, რომელიც ხშირად წარმოშობს ტალღებს და ამიტომ უწოდებენ შავ ზღვას“; ხოფიდან ზღვით გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც საკმაო ხანი დაჰყო და მის შესახებ ვრცელი და მრავალფეროვანი ცნობები მოგვაწოდა. სწორედ აქ დაიბრუნება იონამ მიტროპოლიტის ტიტული. ამის შემდგომ, კონსტანტინეპოლიდან იგი მარმარილოს ზღვის გავლით კუნძულ ლიმანზე გაემგზავრა და მრავალი ქალაქისა თუ არქიპელაგის შესახებ შემოგვინახა ცნობები. ეს არის მარმარილოს ზღვის აუზში მცხოვრები ხალხების ბუნებრივი გარემოს, მოსახლეობისა თუ რელიგიებთან დაკავშირებული ასპექტების დეტალური აღწერილობანი. კუნძულ ლიმანიდან იგი საბერძნეთში გაემგზავრა, კერძოდ, ჯერ ათონის მთაზე, ხოლო შემდეგ კი თესალონიკში; თესალონიკიდან ისევ უკან დაბრუნდა და გზაზე, ხმელთაშუა ზღვაში ცურვისას, იონა მისთვის ჯერ არნახული სანახობის შესახებ მოგვითხრობს, რაც დღევანდელი შეფასებით ტაიფუნის მსგავსი ბუნებრივი მოვლენა უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ იგი მიადგა კუნძულ მიდილინს, რომლის მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით მოიხიბლა კიდეც; განსაკუთრებით ყურადღება მიაქცია ზეთისხილის მოსავლიანობას, რომელიც ამ კუნძულის მაცხოვრებლებს დიდი რაოდენობით მოჰყავდათ; აქედან, ქალაქ იზმირის გავლით, ჩავა ალაიაში, იონამ იხილა უცნაური ციხე-სიმაგრე, რომელიც, მისივე უწყების თანახმად, რაჭის ერისთავის მონათხრობის საფუძველზე, ქაჯეთის ციხე უნდა ყოფილიყო. შემდეგ, კვიპროსისა და იოპეას გავლით, იონა იერუსალიმში ჩავიდა. მან გულისყურით აღწერა იერუსალიმის წმინდა ადგილები და სხვა ღირსშესანიშნაობები. აღსანიშნავია, რომ იერუსალიმში ყოფნის დროს იონამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულმა ურთიერთობებმა ჩამოსვლა გადააფიქრებინა. შემდეგ იონა ისევ საბერძნეთის ქალაქებს მოივლის და იონიის კუნძულების ერთი საოცარი ფაქტის შესახებ მოგვითხრობს. კერძოდ, ის იხილავს ცეცხლმფრქვეველ აზოტის მთას, რომელიც მკვლევართა შეფასებით მოქმედი ვულკანი ეტნა უნდა ყოფილიყო. შემდეგ იონა დალმაციის სანაპიროსა და ქალაქ ტრიესტის გავლით ესტურმება ვენეციას, სადაც სამი თვე დარჩება; შესაბამისად, მის დღიურებში ვენეციის შესახებ სხვადასხვა ტიპის დეტალური აღწერილობანი ვრცლად არის წარმოდგენილი; ვენეციის შემდეგ იონა იგივე მარშუტით უკან ბრუნდება და ქალაქ ტრიესტში ატარებს ექვს თვეს; აქედან გადადის ალექსანდრიასა და კაიროში. იონა გედევანიშვილი მრავალმხრივ აღწერს იმდროინდელ ეგვიპტეს, რომელსაც დიდად ნაყოფიერ ქვეყანად მოიხსენიებს, რომელშიც მრავლად მოიპოვება ბრინჯი, პური, აბრეშუმი, ბამბა, ლილა, შაქარი და ბევრი სხვა ნედლეული. იგი, ასევე, მოგვითხრობს ეგვიპტისთვის მდინარე ნილოსის დიდი მნიშვნელობის შესახებ. აქედან იგი მიემგზავრება სინას მთაზე, სადაც ოთხ თვეს გაატარებს და იძლევა ვრცელ აღწერილობებს ქართველთა მონასტრის შესახებ. ამის შემდეგ იონა ისევ ეგვიპტეში ბრუნდება და სხვა ქალაქებსაც მოივლის; აქედან კი დალმაციის სანაპიროს გავლით ევროპისკენ გაემგზავრება და ავსტრიის ქალაქ ვენაში ჩადის, საიდანაც ორი წლით ქალაქ იასში (მოლდავეთი) გადადის საცხოვრებლად. აქ იგი პოტიომკინის კარზე დიპლომატიური მისიით ჩასულ ქართველ მოღვაწეებს შეხვდება (ერთ-ერთი იყო არქიმანდრიტი გაიოზი); შემდეგ სამი წლით გადადის კიევში, საიდანაც მიემგზავრება მოსკოვში და ცხოვრების ბოლომდე იქ რჩება.
იონა გედევანიშვილის „მოგზაურობის“ ტექსტი 1852 წელს გამოსცა პლატონ იოსელიანმა. „ზაკავკაზის ვესტნიკში“ 1852 წელს დაიბეჭდა „მოგზაურობის“ ერთ-ერთი ნაწყვეტი, ხოლო 1854 წელს ოდესაში გამოიცა კიდევ ერთი ნაწილი. მოგვიანებით, კობა ხარაძემ პლატონ იოსელიანის გამოცემაზე დაყრდნობით განახორციელა იონა გედევანიშვილის „მოგზაურობის“ ხელახალი გამოცემა-განხილვა და მანამდე არსებული გამოკლევების ერთიანი შესწავლა.
• კეკელიძე, კ.: იონა გედევანიშვილი, წიგნში: კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ., გვ. 385-386.
• მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი), საისტორიო მასალა, ჟურნალში: „მწყემსი“, # 4 (თბილისი, 1883-1898 წწ.), გვ. 6.
• ხარაძე, კ.: ათი წელი მოგზაურობაში, კრებულში: კ. ხარაძე, XVII-XIX საუკუნეების ქართველი მოგზაურები, თბილისი: გამომცემლობა „განათლება“, 1987 წ., გვ. 25-32.
• ხარაძე, კ.: ათი წელი მოგზაურობაში: იონა გედევანიშვილი, თბილისი: „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2013 წ.