2021-04-02 თენგიზ ირემაძე

ტრადიცია

1 -ტრადიციის კონცეპტი

ფილოსოფიისა და თეოლოგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციის ისტორიოგრაფიულ კონცეპტს. ტრადიციის არსებობის გარეშე არ არსებობს ფილოსოფია და თეოლოგია; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვერც კი შეიქმნება რაიმე ღირებული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო თეორია უკვე არსებული მდიდარი ტრადიციების გათვალისწინების გარეშე.

„ტრადიცია - რეცეფცია - ტრანსფორმაცია!“ ამ ფორმულის სახით საქმე გვაქვს ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის სამი მნიშვნელოვანი კატეგორიის შიდა დიალექტიკურ კავშირთან. ამ სამეულის სათავეში კი დგას ტრადიცია; ჯერ ხდება გარკვეული ტრადიციის რეცეფცია, ხოლო შემდეგ კი მისი ტრანსფორმაცია, მაშასადამე, ტრადიციის ასახვა და გარდასახვა; ცენტრალურ ცნებად კი მუდამ რჩება ტრადიციის ცნება. ფილოსოფიური ტრადიციის შემქმნელნი იყვნენ ისეთი დიდი მოაზროვნენი, როგორიცაა პლატონი, არისტოტელე და ა.შ. კარგად უნდა ვიცოდეთ ის მოძღვრებები, რომლებსაც საკაცობრიო აზროვნების ეს დიდი წარმომადგენლები აყალიბებდნენ: მათი კონცეფციების, ცნებების, ტერმინოლოგიური აპარატის და შემეცნებითი ინსტრუმენტების გათვალისწინების გარეშე ცოდნის სფეროში ფონს ვერ გავალთ. მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ტრადიცია, რომელიც ფილოსოფიაში შეიქმნა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

ამ კუთხით კიდევ უფრო „მგრძნობიარე“ დისციპლინაა თეოლოგია. თეოლოგიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პრინციპულად „უცვლელი ტრადიციის“ ცნებას, რომელიც მარად იგივე რჩება. ფილოსოფიური ტრადიცია ხშირად ცვლილების პროცესშია, მაგრამ თეოლოგიაში ტრადიცია მარად იგივეა. ფილოსოფიაშიც არის ე.წ. „მარადი ინსტანციები“, „ანთროპოლოგიური მუდმივები“, მაგრამ თეოლოგიაში ასეთი მოცემულობები კიდევ უფრო მეტი ხარისხით გვაქვს. ეს არის მუდმივები, რომლებიც ადამიანებისთვის მთავარ შემეცნებით წყაროს წარმოადგენს.

2 -ტრადიციის გაგება ფილოსოფიაში

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ფილოსოფოსი ცხოვრებისეულად, ეგზისტენციალურად, არსებითად არის დაკავშირებული ტრადიციასთან და მასთან მიმართებით ყალიბდება მისი წარმოდგენები სამყაროზე, როგორც მთელზე. ამის გაცნობიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ ჩანს ფილოსოფიისა და ფილოსოფიურ მეცნიერებებთან მონათესავე დისციპლინების სპეციფიკა.

ამით სხვაობს ფილოსოფია სხვა მეცნიერებებისგან. შეიძლება თანამედროვე ფიზიკოსი არ იცნობდეს ფიზიკის ისტორიის ყველა ნაშრომსა და კონცეფციას ისე კარგად, როგორც ეს ფიზიკის ისტორიკოსმა იცის. თანამედროვე ფიზიკოსმა ფიზიკის ისტორიიდან უნდა იცოდეს ის, რაც თანამედროვე ფიზიკის განვითარების არსებით მომენტს წარმოადგენს. ფიზიკის ისტორიაში დადგინდა ურყევი ჭეშმარიტებები, რომლებიც დღესაც ქმედითუნარიანია და მათი ცოდნა თანამედროვე ფიზიკის კონტექსტში აუცილებელია. თუმცა, თანამედროვე ფიზიკოსს ვერ მოვთხოვთ, რომ ფიზიკის ისტორიის ყველა ნაშრომი ისე საფუძვლიანად ჰქონდეს დამუშავებული, როგორც, მაგალითად, ქართველ ფილოსოფოსსა და ღვთისმეტყველს ევალება პლატონის, პეტრიწის, გრიგოლ პალამას და სხვა ავტორთა შემოქმედების კარგად დამუშავება და ცოდნა. ჩვენს შემთხვევაში ტრადიციული თეორიების ცოდნა უაღრესად ღირებული და მნიშვნელოვანია: თუკი ქრისტიანულ შუა საუკუნეებთან გვაქვს საქმე, მაშინ საქმე გვაქვს მთელ იმ ტერმინოლოგიურ არსენალთან, რომელიც დამუშავდა ანტიკურ ფილოსოფიაში. ბუნებრივია, გვმართებს იმ ტერმინოლოგიური არსენალის ათვისებაც, რომელიც დიდი ფილოსოფიური ტრადიციების ქვეშ ერთიანდება. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დიალექტიკის ცნება. ბევრ მოაზროვნესთან ხდება ამ ცნების სახეცვლილება. დიალექტიკა ის ცნება/ტერმინია, რომელიც გასდევს მთელ ფილოსოფიას, ანუ მთელი ფილოსოფიის დიადი ისტორია, ამავე დროს, არის დიალექტიკის ისტორიაც. დიალექტიკოსი იყო ჰერაკლიტე, პლატონი, დიალექტიკის თავისებური გაგება ჰქონდა არისტოტელეს, სტოიკოსებს, დიალექტიკა გვხვდება შუა საუკუნეებში, დიალექტიკის დიდი ქომაგი იყო ჰეგელი და სხვ. გარდა ამისა, XX საუკუნეში შეიქმნა უარყოფითი (ნეგატიური) დიალექტიკის საყოველთაოდ ცნობილი მოდელი სახელგანთქმული თეოდორ ადორნოსი.

აქ ჩამოვთვალეთ ის მოაზროვნეები, რომლებიც დიალექტიკის სხვადასხვა მოდელს ქმნიდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დიალექტიკა არის ფილოსოფიის ისტორიის ინტეგრალური ნაწილი. ასევეა ბევრი სხვა ცნების/ტერმინის შემთხვევაშიც, ფილოსოფიის ისტორიას რომ გასდევს. ამის ნათელ მაგალითად შეიძლება დასახელდეს: სუბსტანცია, არსი და არსება. ფილოსოფოსებსა და თეოლოგებს, როგორც მოაზროვნე არსებებს, ბუნებრივია, არ გვაქვს სხვა რამ საიმედო საშუალება უზენაესი არსის დასახასიათებლად, თუ არა ცნება „არსი“. ბუნებრივია, არსის ცნებაც იცვლება დროთა განმავლობაში, ფილოსოფიისა და თეოლოგიის განსხვავებული კონცეფციების ჭრილში ის სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ტერმინი დღემდე ქმედითუნარიანი დარჩა და არსი (ბერძ. „უსია“) ისევ ისე ინტენსიურად გამოიყენება, როგორც ადრე გამოიყენებოდა. „არსი არის და არარსი არ არის“, - ამბობს პარმენიდე. ფაქტია ისიც, რომ არსის შესახებ ფიქრიც და არსის შესახებ აზრიც მუდმივად გასდევს მთელი ფილოსოფიური აზროვნების მდიდარ ტრადიციას.

ასევეა მთელი რიგი სხვა ცნებებიც, რომლებიც ფილოსოფიაში შეიქმნა. ამგვარადაა საქმე ღვთისმეტყველების შემთხვევაშიც. მაშასადამე, ფილოსოფიისა და თეოლოგიის სფეროში პრინციპულად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ცალკეული მეცნიერებების სფეროში. ფილოსოფიის დიად ისტორიასთან შედარებით, რომელიმე ერთი კერძო მეცნიერების ისტორია წარმოადგენს არქივებისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი დოკუმენტების წყებას, რომლის შესწავლითაც ადამიანთა სააზროვნო ისტორიის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს (გა)ვეცნობით. ფილოსოფიის დიადი ისტორია კი არ არის მხოლოდ არქივების საკუთრება, ის არის მარად ცოცხალი ისტორია, რომელიც ყოველთვის შეგახსენებს თავს; უბრალოდ, თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად ინტენსიურად შევისწავლით ამ ისტორიას და რამდენად მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ მისგან. ფილოსოფია საკუთარ ისტორიასა და ტრადიციაზე დაყრდნობით არსებობს და მომავალშიც მასზე დაყრდნობით იარსებებს. ფილოსოფია ვერასდროს შეძლებს უარყოს საკუთარი თავი ისე, რომ არ დარჩეს ფილოსოფიად, ფილოსოფიის უარყოფაც კი ფილოსოფიაა! ფილოსოფიამ თვითონვე შექმნა ისეთი რამ, რასაც კაცობრიობა ვერასდროს დააღწევს თავს. სანამ კაცობრიობა იარსებებს, მანამ იარსებებს ფილოსოფიაც მისი ყველა შესაძლო ფორმით, იქნება ეს ქრისტიანული ფილოსოფია, კრიტიკული ფილოსოფია, სკეპტიკური ფილოსოფია თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ფილოსოფიას ზედსართავს დავურთავთ, ამით ფილოსოფიის ხასიათისა და მნიშვნელობის გარკვეულ დაკონკრეტებას ვახდენთ. თუმცკი, ფილოსოფია მისი ყველა სახით უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალებაა/ენაა, რომლითაც ადამიანები ყველა ეპოქაში იპოვიან გზას ჭეშმარიტებისაკენ. ეს ის ძვირფასი განძია, რომელიც კაცობრიობას მიეცა და რომლის ფესვებიც მის მდიდარ ტრადიციაშია დავანებული.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

• ირემაძე, თ.: რატომ უნდა შევისწავლოთ ქრისტიანული ფილოსოფია?, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #35 (29 ნოემბერი - 5 დეკემბერი, 2018 წ.), გვ. 9-12.

• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.